მიხეილ ჩხენკელი განათლების საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
მიხეილ ჩხენკელი განათლების საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმის“ ფარგლებში შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანთან (მინისტრთან) განათლების საკითხებში ნადიმ ზაჰავისთან და მის მოადგილე ვიკი ფორდთან. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. მიხეილ ჩხენკელმა განათლების საკითხებში ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი (მინისტრი) და მისი მოადგილე საქართველოში მოიწვია.

ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში“ სხვადასხვა ქვეყნის განათლების 112 მინისტრი იღებს მონაწილეობას. ფორუმის მონაწილეები განიხილავენ განათლების სფეროში მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობენ.

საქართველოს დელეგაციის ლონდონში ვიზიტი ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით განხორციელდა.

დატოვე კომენტარი