მიხეილ ჩხენკელი - განათლების რეფორმის მიმართულებით მამუკა ბახტაძის ინიციატივა ამერიკელი კოლეგების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს
მიხეილ ჩხენკელი - განათლების რეფორმის მიმართულებით მამუკა ბახტაძის ინიციატივა ამერიკელი კოლეგების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს

განათლების რეფორმის მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ჩვენი ამერიკელი კოლეგების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს, – ამის შესახებ განათლების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

ჩხენკელმა პრემიერის აშშ-ში ვიზიტი წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ განათლების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები გაჩნდა.

„ჩვენ შევხვდით სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორებს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მათთან ერთად ერთობლივ კურსებს ქართველი პროფესორები განახორციელებენ. სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორები აქტიურად ჩაერთვებიან ასევე განათლების რეფორმაში როგორც აკადემიური, ისე სამეცნიერო-კვლევითი კუთხით“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თქმით, ვიზიტის ფარგლებში მამუკა ბახტაძეს ჰქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები აშშ-ის მაღალტექნოლოგიურ კომპანიებთან, განსაკუთრებით აღსანიშნავია შეხვედრა „სილიკონ ველიში“, სადაც დაისახა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.

„მინდა გამოვყო მაღალტექნოლოგიური აქსელერატორების დაფუძნების საკითხი საქართველოში, რაშიც ჩვენი ამერიკელი მეგობრები აქტიურად იქნებიან ჩართულები. ასევე მინდა გამოვყო ჩვენი თანამშრომლობა აშშ-თან კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ახლო მომავალში თბილისში ამერიკელ კოლეგებთან ერთად ჩატარდეს კონფერენცია, რომელიც კიბერუსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნება. კონფერენციის შემდეგ კვლევა და ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.