მიხეილ ჩხენკელი - „ევროპის კვლევისა და ინოვაციის დღეები“ ნამდვილად განსაზღვრავს კვლევისა და ინოვაციების მომავალს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც
მიხეილ ჩხენკელი - „ევროპის კვლევისა და ინოვაციის დღეები“ ნამდვილად განსაზღვრავს კვლევისა და ინოვაციების მომავალს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ევროკომისიის ვირტუალური კონფერენციის „ევროპის კვლევისა და ინოვაციის დღეები“ პანელურ სხდომაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მონაწილეებმა მეცნიერების განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

„ევროპის კვლევისა და ინოვაციის დღეები“ ყოველწლიურად იმართება, სადაც მეცნიერების პოლიტიკის შემქმნელები, მეცნიერები და მეწარმეები კვლევისა და ინოვაციების მომავალს განიხილავენ ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ. წელს ეს ღონისძიება 22-24 სექტემბერს ვირტუალურ სივრცეში ტარდება.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოში მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით უკვე მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ მონაწილეობას ვიღებ პანელურ სხდომაში, რომელიც ნამდვილად განსაზღვრავს კვლევისა და ინოვაციების მომავალს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამაში ასოცირებით საქართველო გახდა დიდი სტრატეგიის ნაწილი მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) სისტემის გაძლიერების თვალსაზრისით. პროგრამამ „ჰორიზონტი 2020“, დაფინანსების ფართო შესაძლებლობებით, საშუალება მისცა ქართველ მეცნიერებსა და სამეცნიერო ინსტიტუტებს, გააუმჯობესონ კვლევის ხარისხი, განავითარონ სამეცნიერო პოტენციალი, შექმნან თანამშრომლობაზე ორიენტირებული გარემო. ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ყველა ეს მახასიათებელი თავის შედეგს გამოიღებს საქართველოს დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიემართება“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებასა და სფეროსთვის ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტის უზრუნველყოფას გულისხმობს.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მეცნიერებას არ აქვს საზღვრები და სამეცნიერო იდეების გაცვლას მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) მოდერნიზაცია და ინტერნაციონალიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი ცოდნის შესაქმნელად, მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით. მისივე თქმით, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებასთან თანამშრომლობა წარმატების საწინდარი და განუყოფელი კომპონენტია მაღალი ხარისხის შედეგების მისაღწევად. მინისტრის განცხადებით, ამ მხრივ საქართველოს შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების მე-8 ჩარჩო პროგრამასთან „ჰორიზონტი 2020“ ასოცირებით 2016 წლიდან, რამაც აკადემიურ საზოგადოებას შეუქმნა ევროკავშირის წამყვან კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობის, ახალი სამეცნიერო იდეების შემუშავებისა და აკადემიური პერსონალის გადამზადების უნიკალური შესაძლებლობები.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის იმისათვის, რომ საქართველო ცნობილი მეცნიერების მოღვაწეობის მთავარ ადგილად იქცეს. მისივე თქმით, ამ მიზანს ემსახურება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსება, რაც უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაიწყებს ფუნქციონირებას და კვლევასა და ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობას მოემსახურება. ადრონული თერაპიის ცენტრში განთავსდება ორი ულტრათანამედროვე ციკლოტრონი, ერთი – სიმსივნის მკურნალობისთვის, ხოლო მეორე – კვლევისათვის ონკოლოგიის მიმართულებით. ცენტრში სიმსივნის მკურნალობის პარალელურად წარიმართება სამეცნიერო-კვლევითი პროცესი, როგორც მედიცინაში, ასევე ბირთვულ ფიზიკასა და სამედიცინო ფიზიკაში, რომელშიც ქართველ მეცნიერებთან ერთად უცხოელი მეცნიერები ჩაერთვებიან.

მინისტრმა აღნიშნა, რომ კვლევისა და ინოვაციების მომდევნო ჩარჩო პროგრამა HorizonEurope უფრო მეტი შედეგის მომტანი იქნება, ვინაიდან მიზნად ისახავს მეცნიერებისა და ეკონომიკის გაძლიერებას, ინვესტიციების ჩადებას კვლევასა და ინოვაციებში ევროპის მომავლის შესაქმნელად. ეს ამბიციური პროგრამა გახდება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი სოციალური გამოწვევების გადასაჭრელად, ინდივიდების ცხოვრების გასაუმჯობესებლად და ქვეყნის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.

მიხეილ ჩხენკელმა ევროკომისიას მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის, ხანგრძლივი ნაყოფიერი თანამშრომლობისა და ახალი შესაძლებლობებისთვის.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.