მიხეილ ჩხენკელი - ეროვნული გამოცდების დროს ერთ სივრცეში არაუმეტეს 10 აბიტურიენტი იქნება მოთავსებული
მიხეილ ჩხენკელი - ეროვნული გამოცდების დროს ერთ სივრცეში არაუმეტეს 10 აბიტურიენტი იქნება მოთავსებული

ეროვნული გამოცდები ჩატარდება იგივე ფორმატით და იგივე დროს, როგორც ეს ტარდებოდა ადრე, შესაბამისად, ორიენტაცია გვაქვს ივლისის თვეზე, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ივნისში საზოგადოებას ეცნობება დეტალები და წელს ამას ემატება ახალი განზომილება.

„ივნისში ყველას გვექნება გაცილებით უფრო მკაფიო და უკეთესი სურათი ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით. ერთადერთი რაც შეიძლება შეიცვალოს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, ეს არის დროის, ანუ თარიღების ცვლილება და აგვისტოსკენ გადატანა, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს ეპიდსიტუაციცა და იქნება შესაბამისი რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტებისგან. ეს ძალიან დიდი თემაა და ივნისში გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად გვექნება ცალკე პრეზენტაცია, სადაც ყველას, მთელს საზოგადოებას ეცნობება ყველა დეტალი ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით. რაც შეეხება თვითონ გამოცდების ჩატარებას, ყოველდღიურ რეჟიმში, ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. ჩვენთვის ნომერ პირველი კრიტერიუმი არის ადამიანის ჯანმრთელობა და ყველა დასკვნა ამის საფუძველზე გაკეთდება“, – განაცხადა ჩხენკელმა.

მისივე თქმით, გამოცდების დროს ზედმიწევნით კარგად იქნება დაცული პროტოკოლები, რომელსაც ჯანდაცვის სფერო გაავრცელებს.

„ეს რეკომენდაცია ჩვენ უკვე გვაქვს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ სივრცეში, ერთ ოთახში გამოცდების ჩატარების დროს, არაუმეტეს 10 აბიტურიენტი იქნება მოთავსებული. გარდა ამისა, იქნება მთელი ნუსხა სპეციფიური პროტოკოლის, რომელსაც ივნისში, როდესაც ეროვნული გამოცდის თარიღებს გამოვაცხადებთ, იქ იქნება ყველა დეტალი პროტოკოლთან დაკავშირებით. ივნისში უფრო უკეთესი სურათი იქნება ეპიდსიტუაციის და აქედან გამომდინარე მოხდება დასკვნების გაკეთება“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

დატოვე კომენტარი