მიხეილ ჩხენკელი - დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე უნივერსიტეტელია
მიხეილ ჩხენკელი - დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე უნივერსიტეტელია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხოვრებაში დღეს ძალიან მნიშვნელოვანია დღეა, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ დაფუძნების ცერემონიაზე განაცხადა.

„დღეს გახლავთ ჩვენი დედა უნივერსიტეტის დაბადების დღე. ასევე დღეს აღდგა ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება, სადაც ყველას აქვს საშუალება თავისი წვლილი შეიტანოს უნივერსიტეტის განვითარების ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე უნივერსიტეტელია. მინდა მივულოცო უნივერსიტეტელებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და მთელ საქართველოს დღევანდელი ძალიან მნიშვნელოვანი დღე“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

„ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ დაფუძნების ცერემონიის ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო და მოწვეული სტუმრები ესწრებიან.

„ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ დაფუძნების ცერემონიით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები იწყება.