მიხეილ ჩხენკელი და იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრი სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
მიხეილ ჩხენკელი და იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრი სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

იაპონიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრს, ჰაგიუდა კოიჩის შეხვდა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა მომავალი თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.

ჰაგიუდა კიოჩიმ მიხეილ ჩხენკელს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობას უდიდესი პოტენციალი აქვს, მათ შორის ქართველი მეცნიერების, პროფესორებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების შემუშავების კუთხით.

იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა, ჰაგიუდა კოიჩიმ ხაზი გაუსვა იაპონიაში ქართული ღვინისა და ქართველი სპორტსმენების – მორაგბეების, ტოჩინოშინისა და გაგამარუს პოპულარობას.

მიხეილ ჩხენკელმა იაპონურ მხარეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. მინისტრმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომელიც მომავალ წელს ფუნქციონირებას დაიწყებს. ამ მიმართულებით მიხეილ ჩხენკელმა მასპინძელ მხარეს იაპონიის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვა შესთავაზა.

შეხვედრის დასასრულ, მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ აქტიური თანამშრომლობით, მხარეები სამომავლოდ მრავალ სხვა პროექტს განახორციელებენ.