მიხეილ ჩხენკელი ჩინეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
მიხეილ ჩხენკელი ჩინეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, ჭოუ ციენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა პირადად მიულოცა და თავის საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ბოლო წლებში განხორციელებული მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტები გააცნო. მინისტრმა ჭოუ ციენს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და იმ ერთობლივი პროექტებისთვის, რომლებსაც სამინისტრო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პარტნიორობით ზოგადი და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით უკვე მრავალი წელია წარმატებით ახორციელებს.

მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ საქართველოსა და ჩინეთის უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს მრავალწლიანი მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებთ, რაც, მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობის თვალსაჩინო მაგალითია. საუბრისას მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და სამეცნიერო კავშირების გაძლიერების საკითხებზეც იმსჯელეს. თავის მხრივ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა მადლობა გადაუხადა მიხეილ ჩხენკელს მხარდაჭერისთვის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა. მხარეებს შორის შეხვედრას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ატაშე ჩუიბინ ჩენი ესწრებოდა.