მიხეილ ჩხენკელი - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში IT მიმართულების კოლეჯი დაფუძნდება, რაშიც აქტიურად იქნებიან ჩართული Microsoft-ი, IBM-ი და HP
მიხეილ ჩხენკელი - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში IT მიმართულების კოლეჯი დაფუძნდება, რაშიც აქტიურად იქნებიან ჩართული Microsoft-ი, IBM-ი და HP

სულ ცოტა ხანში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში აიტი მიმართულებით კოლეჯი დაფუძნდება, სადაც აქტიურად იქნებიან ჩართული Microsoft-ი, IBM-ი და HP, რომლებიც კოლეჯის დაფუძნებაში და ფუნქციონირებაში მიიღებენ მონაწილეობას, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, განათლების სამინისტროს მიზანია, უცხოეთის წამყვანი კოლეჯები საქართველოში არსებული კოლეჯების ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთონ.

„თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილი გვაქვს ძალიან დიდი პროექტი, რომლის მიხედვითაც, ამ უნივერსიტეტის ბაზაზე სასოფლო-სამეურნეო მიმართულების პროფესიული კოლეჯი შეიქმნება. მოხდება გერმანიის წამყვანი სასოფლო-სამეურნეო კოლეჯის დაკავშირება ამ ახალ კოლეჯთან. ისინი მმართველობაშიც იქნებიან ჩართული და ეს ახალი კოლეჯი გერმანულ მოდელზე იქნება აგებული. ამაში ჩვენი გერმანელი მეგობრები, კერძოდ GIZ-ი გვეხმარება“, – განაცხადა ჩხენკელმა. 

როგორც მინისტრმა განაცხადა, პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების რაოდენობა ისეთი არ არის, როგორიც უნდა იყოს და მიწოდება შრომის ბაზრის მოთხოვნებს საერთოდ არ შეესაბამება.

„შრომის ბაზარი მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირების არსებობას ითხოვს, მაგრამ ამ ეტაპზე პროფესიული განათლების სისტემა საჭირო რაოდენობის კადრების მიწოდებას ვერ ახდენს“, – განაცხადა ჩხენკელმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ასევე აღნიშნა, საქართველოს ისტორიაში პირველად იქნება მიღებული კანონი, რომელიც პროფესიული განათლების სისტემას ერთხელ და სამუდამოდ დაარეგულირებს.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, რადგან მთავრობის სხდომაზე „პროფესიული განათლების შესახებ“ ახალი კანონპროექტი განვიხილეთ და მთავრობის მიერ პარლამენტში მისი ინიცირება მოხდა“, – განაცხადა ჩხენკელმა.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, კანონი ქვეყნის პროფესიული განათლების სისტემას დაეხმარება, რომ ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში მისი სრული ინტეგრირება მოხდეს.