მიხეილ ჩხენკელი - აუცილებელია კერძო სკოლების ავტორიზაციის ახალი სტანდარტის შემუშავება და დანერგვა
მიხეილ ჩხენკელი - აუცილებელია კერძო სკოლების ავტორიზაციის ახალი სტანდარტის შემუშავება და დანერგვა

პარლამენტში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას კერძო სკოლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრა, რაც მოსწავლეების უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს.

მინისტრის თქმით, მთავარი საზრუნავია ბავშვის კეთილდღეობა იმის მიუხედავად, საჯარო სკოლაში სწავლობს ის თუ კერძოში.

როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, აუცილებელია კერძო სკოლების ავტორიზაციის ახალი სტანდარტის შემუშავება და დანერგვა.

„ახლა უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესები დაიწყოს კერძო სკოლებშიც, ხოლო სამინისტროს მხრიდან გაძლიერდეს ამ პროცესების დანერგვის ხელშეწყობა. აქ პირველ რიგში იგულისხმება კერძო სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების მაღალპროფესიული მომზადება. ჩვენი მთავარი საზრუნავია ბავშვის კეთილდღეობა იმის მიუხედავად, საჯარო სკოლაში სწავლობს იგი თუ კერძოში. ვფიქრობ, რომ ასევე საჭიროა ახალი საკანონმდებლო რეგულაციები. კერძოდ, აუცილებელია კერძო სკოლების ავტორიზაციის ახალი სტანდარტის შემუშავება და დანერგვა. ამ სტანდარტებმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო და მზრუნველი გარემო მოსწავლისთვის. დააწესოს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მაღალი კრიტერიუმები. საჭიროა გაძლიერდეს უწყებათაშორისი თანამშრომლობა ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებთან, გაღრმავდეს არასამთავრობო ორგანიზაციების როლი“, – განაცხადა ჩხენკელმა.

მისივე თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე დღეა, უწყებათაშორისი ჯგუფი მართავს შეხვედრებს.

„როგორც იცით, ამ მიმართულებით პრემიერ-მინისტრისგან დაგვევალა კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება და დაწყებულია კონკრეტულ გეგმაზე მუშაობა. ჩვენ რამდენიმე დღეში წარმოვადგენთ ზუსტ და დროში გაწერილ გეგმას, რომელიც მოიცავს როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკულ ინიციატივებსა და ახალი სერვისების შექმნას. მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე დღეა, უწყებათაშორისი ჯგუფი მართავს შეხვედრებს და მუშაობს ამ საკითხზე.

ეს ყველაფერი საჭიროა, მაგრამ არა საკმარისი. მხოლოდ ადმინისტრაციული საშუალებებით პრობლემები ვერ მოგვარდება. აუცილებელია თავად სასკოლო პროცესის განვითარება: უნდა გაიზარდოს დამრიგებლის როლი თითოეული მოსწავლის საჭიროებების და შესაძლებლობების იდენტიფიცირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით; უნდა გაიზარდოს სკოლის ყოველდღიურობაში, პრობლემათა იდენტიფიცირებისა და გადაჭრის პროცესებში თავად მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობა. ამ მიზნით, საჭიროა ელექტრონული რესურსების განვითარება მშობელთა, მასწავლებელთა და სასკოლო საზოგადოების რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;

ახალგაზრდებში ნეგატიური ტენდენციების შესამცირებლად და რაც მთავარია, მათი სრულფასოვანი განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მოსწავლეთა ჩართულობა შემოქმედებით აქტივობებში და არაფორმალური განათლების განვითარება წრეების, კლუბების, სახელოვნებო და სპორტული მიმართულებებით“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.