მიხეილ ჩინჩალაძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები არ უნდა დაიხუროს
მიხეილ ჩინჩალაძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები არ უნდა დაიხუროს

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს მიაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები არ უნდა დაიხუროს.

მისი განცხადებით, საბჭოს ერთ-ერთი მოსამართლე წევრის, სერგო მეთოფიშვილის მოსაზრება სხდომების დახურვასთან დაკავშირებით მიუღებელია, თუმცა ჩინჩალაძე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, რადგან მისივე თქმით, საკითხზე ინიციატორის დასაბუთება არ მოუსმენია.

„მე ამ საკითხთან დაკავშირებით მის პოზიციას და დასაბუთებას არ გავცნობივარ, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ უნდა იყოს რაღაც ახალი ველოსიპედის გამოგონება და ევროპული სტანდარტიდან ამოვარდნილი.

ვფიქრობ, საბჭოზე გასატანი საკითხები და ნებისმიერი იქ გადაწყვეტილი საკითხები არ უნდა იყოს დაფარული, არაფერი დასამალი საბჭოს არ უნდა ჰქონდეს და მასზე ხელმოსაწვდომობა რა თქმა უნდა, ყველას უნდა გააჩნდეს“, – განაცხადა მიხეილ ჩინჩალაძემ.

შეგახსენებთ, საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა საბჭოს სხდომების დახურვის შესახებ წინადადება 26 მარტის სხდომაზე დააყენა.

მისი თქმით, არამოსამართლე წევრები საბჭოს სხდომების ტრიბუნას პოპულისტური განცხადებისთვის იყენებენ.

სერგო მეთოფიშვილს საკუთარი მოსაზრება ინიციატივის სახით იუსტიციის საბჭოს სხდომაზე ჯერ არ წარუდგენია.