მიხეილ ჭელიძე - ფინანსთა მინისტრის პოზიციას, რომ საპროცენტო განაკვეთები ბიზნესის დაწყების შანსს არ ტოვებს, გარკვეულწილად ვიზიარებ
მიხეილ ჭელიძე - ფინანსთა მინისტრის პოზიციას, რომ საპროცენტო განაკვეთები ბიზნესის დაწყების შანსს არ ტოვებს, გარკვეულწილად ვიზიარებ

ფინანსთა მინისტრის პოზიციას, რომ საპროცენტო განაკვეთები ბიზნესის დაწყების შანსს არ ტოვებს, გარკვეულწილად ვიზიარებ, – ამის შესახებ „მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ჭელიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„დღევანდელ რეალობაში, სახელმწიფო პროგრამები იქნება ეს თუ სხვა პროგრამები, ყველგან უზრუნველყოფას ითხოვენ. ბანკის პოზიცია გასაგებია, რომ გარანტიები სჭირდება, მაგრამ ეს დამწყებ ბიზნესს არ გააჩნია. გამოდის, ეს ბარიერია და ადამიანები ბიზნესს ვერ იწყებენ. ასევეა საპროცენტო განაკვეთებიც, რაც დამწყები ბიზნესისთვის საკმაოდ მაღალია და აქაც არ არსებობს მექანიზმები, რომ დაბალი საპროცენტო განაკვეთი იყოს. პრაქტიკაში ისე გამოვიდა, რომ ეს ორი მომენტი დამწყები ბიზნესისთვის ბარიერია“, – განაცხადა ჭელიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ახალი ინიციატივა რამდენად შეუწყობს ხელს ბიზნესის ფეხზე დაყენებას, მიხეილ ჭელიძემ აღნიშნა, რომ როცა უზრუნველყოფა არ იქნება, დამწყებ ბიზნესმენს ქუჩაში დარჩენის საშიშროება აღარ დაემუქრება. თუ ამ პროექტში ჩართულმა რომელიმე ბიზნესმა წააგო, საიდანაც დაიწყო, იქედან გააგრძელებს და უკვე პრაქტიკის მქონეს ახალი ბიზნესის წამოწყების მეტი შანსი ექნება. ამას კი, დასაქმების მატება და სიღარიბის დაძლევა მოჰყვება.

„დამწყებ ბიზნესს გამოსავლიანობა ძალიან დაბალი აქვს და ყველა ვერ გადარჩება. როცა ადამიანმა რაღაც ბიზნეს იდეა წამოიწყო, უზრუნველყოფის საგნად თავისი, ან მეგობრის საცხოვრისი ჩადო და ბიზნესი წააგო, იმაზე უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, საიდანაც დაიწყო. ეს სხვისთვის ძალიან ცუდი მაგალითია. ასეთ დროს სხვა ადამიანები ფიქრობენ, აი, იმან ბიზნესი დაიწყო და რა დაემართაო. ამიტომ, ყველა ცდილობს, მეტი სტაბილურობისთვის სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმდეს, ეს კი მეწარმის სულს კლავს“, – განაცხადა ჭელიძემ.

მისი თქმით, რადგან ახალი ინიციატივის მიხედვით მაინც ბანკში მივდივართ და ბანკი აფასებს, ესა თუ ის პროექტი კომერციულად ვარგა თუ არ ვარგა, დამწყებ ბიზნესმენს ხარისხიანი ბიზნეს გეგმის შედგენა მოუწევს და ამაში მას სახელმწიფო უნდა დაეხმაროს.

„დამწყები ბიზნესმენი კერძო საკონსულტაციო კომპანიაში უნდა მივიდეს, მაგრამ თუ ფული არ აქვს, რომ კომპანიას ბიზნეს გეგმა დააწერინოს, ეს სახელმწიფომ უნდა დაუფინანსოს. ასევე, უნდა იყოს რაღაც ერთთვიანი, ან ორთვიანი პერიოდი, როცა მათ ელემენტარულ ბიზნეს უნარჩვევებს მივცემთ. მაგალითად, რა არის შემოსავალი, მოგება და ა.შ, რადგან ხშირად არის პრობლემა, როცა ბიზნესი შემოსავალს მოგებისგან ვერ ასხვავებს. რაც შემოდის, ჰგონიათ, მოგებაა, სახლში მიაქვთ და მერე საბრუნავი კაპიტალი არ აქვთ ხოლმე“, – განაცხადა მიხეილ ჭელიძემ.