მიხეილ ბოგდანოვი - სირიაში რუსეთსა და ამერიკას შორის სამხედრო დაპირისპირების საფრთხე არ არსებობს
რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის ქვეყნებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ბოგდანოვი მიიჩნევს, რომ სირიაში რუსეთსა და ამერიკას შორის სამხედრო დაპირისპირების საფრთხე არ არსებობს.
„ვფიქრობ, საღმა აზრმა უნდა გაიმარჯვოს“, – განაცხადა მიხეილ ბოგდანოვმა.
ვაშინგტონმა ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო ხომალდები გაგზავნა. გავრცელებული ცნობით, სირიის სახელისუფლებო ჯარები მოსალოდნელი საფრთხის გამო გადაჯგუფებას ახდენენ.
თურქული გამოცემა Hurriyet-ის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა ამერიკულ ხომალდს, Donald Cook-ს ოთხჯერ გადაუფრინეს.
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი სირიის სანაპიროს უკვე 100 კილომეტრზე მიუახლოვდა. ამერიკული გემი „ტომაჰავკის“ ტიპის 60 ფრთოსანი რაკეტითაა აღჭურვილი.
სირიის ქალაქ დუმაში განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმაზე საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ვაშინგტონი საპასუხო ზომებს მიიღებს.
ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაციას რუსეთი სიცრუეს და პროვოკაციას უწოდებს.