მიხეილ ბატიაშვილი - პედაგოგების აქცენტს გადავიტანთ ბიუროკრატიული მომსახურებიდან კლასებზე, რომ მეტი დრო ბავშვებსა და გაკვეთილებს დაეთმოს
მიხეილ ბატიაშვილი - პედაგოგების აქცენტს გადავიტანთ ბიუროკრატიული მომსახურებიდან კლასებზე, რომ მეტი დრო ბავშვებსა და გაკვეთილებს დაეთმოს

სკოლის რეფორმის ფარგლებში, პედაგოგების აქცენტს გადავიტანთ ბიუროკრატიული მომსახურებიდან კლასებზე, რომ მეტი დრო ბავშვებსა და გაკვეთილებს დაეთმოს, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სკოლის რეფორმის ერთ-ერთი ეტაპის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტრო ასევე წარადგენს თავის ხედვებს სკოლების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით.

„დღეს შევეხეთ პედაგოგების ნაწილს, რომელიც წარმატებული მომავალი რეფორმის განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია. მთავარი პრიორიტეტი პედაგოგებისთვის რაც შეიქმნება, არის ნაკლები ბიუროკრატია, ნაკლები ქაღალდომანია და რაც მთავარია, ორიენტაციის გადატანა ბიუროკრატიიდან კლასებში. მათ ნაკლებად უნდა უწევდეთ იმის დასაბუთება, რამდენად ინარჩუნებენ ან განიცდიან კვალიფიკაციის ზრდას.  პირიქით, მეტი აქცენტი უნდა გააკეთონ კლასებში სწავლების ხარისხის გაზრდაზე.

განათლების სამინისტროს ახალი მიდგომაა, რომ სკოლის საჭიროებების შესაბამისად, მოხდეს პედაგოგების დახმარება კონკრეტული მიმართულების მიხედვით, რასაც სკოლა განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ პედაგოგს მიეცემა შესაძლებლობა, რომ ნებისმიერი დონის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბაროს და არ დასჭირდეს წლები, მიიღოს შესაბამისი კვალიფიკაცია, შესაბამისი ანაზღაურება და შესაბამისი პირობებიც შეიქმნას. ამიტომ ამ რეფორმის ფარგლებში, პედაგოგების მხრიდან აქცენტს ბიუროკრატიული მომსახურებიდან კლასებში გადავიტანთ, რომ მეტი დრო ბავშვებსა და გაკვეთილებს დავუთმოთ“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.