მიხეილ ბატიაშვილი - სკოლებში პლანშეტებსა და ტელეფონებს კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ გამოვიყენოთ განათლებისთვის, დროს ვერ გავაჩერებთ
მიხეილ ბატიაშვილი - სკოლებში პლანშეტებსა და ტელეფონებს კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ გამოვიყენოთ განათლებისთვის, დროს ვერ გავაჩერებთ

ერთ-ერთი მიმართულება ციფრული სკოლის კონცეფციაა, რომელზეც გავაკეთებ მნიშვნელოვან აქცენტს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

როგორც მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, ციფრული სკოლის კონცეფცია გულისხმობს ყველანაირი ელექტრონული და ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებას, სადაც მოქცეული იქნება, საგანმანათლებლო პროგრამები, ასევე საინფორმაციო სხვადასხვა ცოდნის წყაროები, რომელშიც იგულისხმება როგორც ტექსტუალური მასალები, ვიდეომასალები, სხვადასხვა განმავითარებელი პროგრამა და ა. შ.

„ჩვენ თუ გვინდა, სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შედეგზე იქნება ორიენტირებული, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა ითამაშოს ტექნოლოგიებმა. ციფრული სკოლის კონცეფცია  უნდა იყოს იდეალური სკოლის კონცეფცია, სადაც წვდომა ექნება ნებისმიერ ადამიანს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ციფრული სტილის კონცეფცია გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მოემსახურება ჩვენი სკოლების ხარისხობრივი ნაწილის გაძლიერებას. ბავშვები რამდენიმე წლის განმავლობაში იმდენად ჩართული არიან ამ ტექნოლოგიებში, დაწყებული მობილური ტელეფონებით, პლანშეტებით და ასე შემდეგ, რატომ არ გამოვიყენოთ ეს საშუალებები, რათა ეს საგანმანათლებლო კონტენტში გადავიტანოთ და ეს პლატფორმები გამოვიყენოთ განათლებისთვის. დღეს რაზეც გვინდა ვთქვათ უარი და არ მოგვწონდეს, ეს ის დროა, როდესაც ჩვენ რეალურად ამას ვერ გავაჩერებთ. ჩვენ ამას კი არ უნდა ვებრძოლოთ, სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ, გამოვიყენოთ ცოდნისთვის განვითარებისთვის”, – განაცხადა ბატიაშვილმა.