მიხეილ ბატიაშვილი - სკოლების რეფორმის ფარგლებში, სადაც ამის შესაძლებლობაა, უნდა მოხდეს არამარტო სკოლამდელი, ასევე პროფესიული განათლების ინტეგრაცია
მიხეილ ბატიაშვილი - სკოლების რეფორმის ფარგლებში, სადაც ამის შესაძლებლობაა, უნდა მოხდეს არამარტო სკოლამდელი, ასევე პროფესიული განათლების ინტეგრაცია

სკოლების რეფორმის ფარგლებში, სადაც არის ამის შესაძლებლობა, უნდა მოხდეს არამარტო სკოლამდელი, ასევე პროფესიული განათლების ინტეგრაცია, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს სკოლამდელი განათლების სკოლებში შესაძლო დანერგვის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მიმართულებით სამინისტროს მიერ განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ მიმდინარე წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი.

„სკოლამდელი განათლების მიმართულებითაც ვმუშაობთ და არამარტო სკოლებში სკოლამდელი განათლების ინტეგრაციაზე, ამის შესაძლებლობა ბევრგან არის. ამ კუთხით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და სკოლების რეფორმის ფარგლებში ამაზე ვისაუბრეთ, რომ სადაც არის ამის შესაძლებლობა, უნდა მოხდეს არამარტო სკოლამდელი, ასევე პროფესიული განათლების ინტეგრაცია.

ამიტომ განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ამის შესაძლებლობა არის, რაც უფრო მეტი ასეთი სივრცე იქნება, ერთმანეთთან ინტეგრირებული, მით უფრო მეტ ეფექტს მივიღებთ. ერთიან ბაზაზე სკოლების საჭიროებებზე მუშაობა დასრულდა და ის უკვე ნებისმიერი ასეთი რეფორმის განხორციელებისთვის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ დავინახოთ, სად არის შესაძლებელი, სკოლებში სკოლამდელი განათლების ინტეგრაცია.

სკოლამდელი განათლება განათლების სისტემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი უნდა გახდეს. მას არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ ბავშვის დატოვებისა და მზრუნველობის ფუნქცია, არამედ განათლების კომპონენტიც უნდა ჰქონდეს. ახლა საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობთ და გაზაფხულზე წარვადგენთ, რას ვაპირებთ ამ კუთხით, რა უნდა განხორციელდეს და რა მასშტაბი უნდა მივიღოთ“,- განაცხადა ბატიაშვილმა.