მიხეილ ბატიაშვილი - სკოლების მშენებლობისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტის გაზრდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია
მიხეილ ბატიაშვილი - სკოლების მშენებლობისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტის გაზრდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია

2019 წელს სკოლების მშენებლობა იწყება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობასთან დაკავშირებით, ღია კარის დღე გამართა და სამშენებლო კომპანიებს გამოსაცხადებელი ტენდერები წინასწარ წარუდგინა.

ფონდი 22 მუნიციპალიტეტში, 27 სკოლის მშენებლობას იწყებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 65 მილიონი ლარია.

ღია კარის დღეს ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია.

როგორც მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე იმუშავეს კერძო კომპანიებთან ერთად, რომლებმაც ეს სამუშაოები უნდა განახორციელონ. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სკოლების მშენებლობისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი სამჯერ გაიზარდა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს ფაქტობრივად 3-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტია, რომელიც ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია განათლების მიმართულებით ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. ეს ეხება როგორც ახალი სკოლების მშენებლობას, ასევე არსებული სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

დღევანდელი შეხვედრა ძალიან სასარგებლოა. ვიმუშავებთ კერძო კომპანიებთან ერთად, რომლებმაც ეს სამუშაოები უნდა განახორციელონ, რომ სამუშაოები რაც შეიძლება ხარისხიანად, სწრაფად ჩატარდეს და გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა სწრაფად მივიღოთ, რომელიც ჩვენს სკოლებს, პროფესიულ სასწავლებლებს და სხვა უმაღლეს სასწავლებლებს მოემსახურება“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.