მიხეილ ბატიაშვილი - სკოლების ინფრასტრუქტურის დასავლურ სტანდარტზე აყვანას სულ მცირე შვიდი მილიარდი ლარი სჭირდება
მიხეილ ბატიაშვილი - სკოლების ინფრასტრუქტურის დასავლურ სტანდარტზე აყვანას სულ მცირე შვიდი მილიარდი ლარი სჭირდება

საქართველოს მასშტაბით სკოლების ინფრასტრუქტურა დასავლურ სტანდარტზე რომ ავიდეს, სულ მცირე გათვლებით შვიდი მილიარდი ლარია საჭირო, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა. გადაცემის მთავარი თემა განათლება და სექტორში არსებული პრობლემები იყო.

„წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემები არის ყველა მიმართულებით. მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ სკოლების ინფრასტრუქტურა დასავლურ სტანდარტებამდე რომ მივიდეს, მინიმალური გათვლებით, შვიდი მილიარდი ლარი სჭირდება. ეს რაც შეეხება მხოლოდ ტექნიკურ პრობლემას, ამის გარდა, მოსაგვარებელია პედაგოგების მატერიალური მდგომარეობის პრობლემა. ამაზე თუ არ ვიზრუნეთ, ძალიან რთული იქნება ჩვენს წინაშე მდგომი ამოცანების გადაწყვეტა“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანი პრობლემების რიცხვში შედის სკოლამდელი განათლება, უმაღლესი სასწავლებლების ხარისხი და რეგიონებში პროფესიულ სასწავლებლებზე ხელმისაწვდომობაც, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა.

„პროფესიული მიმართულება ძალიან პოპულარული ხდება. ბევრი ირჩევს პროფესიულ მიმართულებას და ჩვენი მიზანია, ყველა რეგიონში გავზარდოთ პროფესიული სასწავლებლების რიცხვი“, – განაცხადა ბატიაშვილმა. 

როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უპრეცედენტო ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც, 2022 წლიდან ქვეყანა მისი მთლიანი შიდა პროდუქტის ექვს პროცენტს განათლებაზე დახარჯავს. მანამდე კი, განათლების სისტემაში დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად განათლების სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად 500 მილიონი ლარით გაიზრდება.

მინისტრი იმედოვნებს, რომ ყოველწლიურად 500 მილიონი ლარით ბიუჯეტის გაზრდა ეტაპობრივად დაეხმარება სექტორს არსებული პრობლემების მოგვარებაში, სანამ ქვეყანა განათლებაში თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს ჩადებს.

ბატიაშვილი თვლის, რომ საქართველოს ინიციატივა, თავისი მშპ-ის ექვსი პროცენტი განათლებას მოახმაროს, ქვეყანას მსოფლიო ათეულში შეიყვანს.

„ეს ციფრი მართლაც უპრეცედენტოა. საქართველო მსოფლიო ათეულში იქნება იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მშპ-დან ასეთ დიდ პროცენტს გამოყოფენ განათლებისთვის“, – განმარტა ბატიაშვილმა.