მიხეილ ბატიაშვილი - სკოლამდელი განათლება არის სიახლე და ეს კომპონენტი რაც შეიძლება, სწრაფად უნდა შემოვიტანოთ
მიხეილ ბატიაშვილი - სკოლამდელი განათლება არის სიახლე და ეს კომპონენტი რაც შეიძლება, სწრაფად უნდა შემოვიტანოთ

სკოლამდელი განათლება არის სიახლე და ეს კომპონენტი რაც შეიძლება, სწრაფად უნდა შემოვიტანოთ, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში “თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი კვლევა აჩვენებს, რომ იქ, სადაც ბავშვები სკოლამდელ განათლებაში აქტიურად არიან ჩართული, სკოლის პერიოდში შედეგებს გაცილებით მარტივად აღწევენ და მათი შედეგები გაცილებით მაღალია.

ბატიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ უნდა განხორციელდეს კომპლექსური რეფორმა, რაშიც იგულისხმება მთელი სისტემა – სკოლამდელი, სკოლა, პროფესიული სასწავლებელი, უმაღლესი სასწავლებელი, მეცნიერება.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას გულისხმობს კომპლექსური რეფორმა, სისტემის სრულად გადააზრებას, თუ მხოლოდ ცალკეული სეგმენტების ცვლილებას, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ კომპლექსურ რეფორმაში ორივე კომპონენტი მოიაზრება. 

„არის მიმართულებები, რომლებსაც შედეგი მოაქვს, თუმცა გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს. მაგალითად, სკოლა რომ განვიხილოთ, როგორც მთლიანი სისტემის შედეგი, ასეთი საინტერესო სურათი იკვეთება – მაგალითად, პირველ-მეექვსე კლასებში გვაქვს ძალიან კარგი შედეგი, რაც ჩვენი და საერთაშორისო კვლევებით დასტურდება. ანუ, სისტემა მეტ-ნაკლებად კარგად მუშაობს და შედეგებს გვაძლევს“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

მინისტრის თქმით, დრომ მოიტანა და საერთაშორისო გამოცდილებაც ამბობს, რომ შესაცვლელია მიდგომები თუნდაც, დაწყებით კლასებში, რაც ბავშვთან მუშაობას გულისხმობს.

„ბავშვთან მუშაობაში იგულისხმება მეტი ორიენტაცია იგივე, აზროვნებითი უნარებისკენ, გუნდურობისკენ, კრეატიულობისკენ და ნაკლები ორიენტაცია დასწავლულობისკენ. დასწავლულობაში იგულისხმება პასიურ მდგომარეობაში რაღაცის დასწავლა და უბრალოდ გადაცემა, როდესაც ბავშვი ხშირად, კონკრეტულად ვერც აანალიზებს“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.