მიხეილ ბატიაშვილი - სკოლა უნდა გახდეს მაქსიმალურად დამოუკიდებელი, დირექტორები გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა გავაძლიეროთ
მიხეილ ბატიაშვილი - სკოლა უნდა გახდეს მაქსიმალურად დამოუკიდებელი, დირექტორები გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა გავაძლიეროთ

სკოლა უნდა გახდეს მაქსიმალურად დამოუკიდებელი. თუ მას რაც შეიძლება მეტი გადაწყვეტილებებისა და ავტონომიურობის უფლება არ ექნა, რთულია ვისაუბროთ იმ ამოცანებზე, რომელიც ეხება ისეთი მაღალი შედეგების მიღწევას, რომელსაც ჩვენი რეფორმებისგან ველოდებით, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

„პირველ რიგში ეს ნიშნავს იმას, რომ სკოლის დირექტორი უნდა იყოს ლიდერი, კარგი მენეჯერი. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ დირექტორები გადაწყვეტილებების მიღებაში.

ვფიქრობთ, რომ სკოლის ადმინისტრაციის, სკოლის ფინანსების, სკოლის განვითარების მიმართულებით გადაწყვეტილებების მიღების უფლება მივცეთ დირექტორებს. ჩვენ ამ უფლებამოსილებით არ აღვჭურვეთ, თავისთავად, ძალიან რთული იქნება ცენტრალური ადმინისტრირებით, რომ ქვეყნის მასშტაბით მივიღოთ მაღალი შედეგი.

ეფექტური ხელმძღვანელი ნებისმიერ ორგანიზაციაში გულისხმობს იმას, რომ ის უფლებამოსილია, შეუძლია და იღებს გადაწყვეტილებებს“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

განათლების მინისტრის თქმით, სკოლებში დაფინანსების მოდელი შესაცვლელია.

„ამასთან, ვფიქრობთ, შესაცვლელია სკოლის დაფინანსების მოდელიც. ესეც სკოლის მეტი დამოუკიდებლობის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. თუმცა არსებული დაფინანსება, რა მოდელით შეიცვლება და იქნება თუ არა ის ჩანაცვლებული საბაზისო დაფინანსებით, ამ მოდელებზე სწორედ ახლა ვმუშაობთ“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა პირველ არხთან საუბარში.