მიხეილ ბატიაშვილი - სამინისტრომ გაითვალისწინა ზუგდიდის მე-6 სკოლის სამეურვეო საბჭოს პოზიცია და სკოლის დირექტორი არ გაუთავისუფლებია
მიხეილ ბატიაშვილი - სამინისტრომ გაითვალისწინა ზუგდიდის მე-6 სკოლის სამეურვეო საბჭოს პოზიცია და სკოლის დირექტორი არ გაუთავისუფლებია

საქართველოს განათლების სამინისტრომ გაითვალისწინა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს პოზიცია და სკოლის დირექტორი არ გაუთავისუფლებია, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მიხეილ ბატიაშვილმა სკოლაში აღმოჩენილი დარღვევების შემდეგ, დირექტორთა პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

„როგორც წესი, როდესაც გამოვლენილ დარღვევებს აქვს უხეში, მრავალჯერადი და განმეორებადი ხასიათი, რომლებიც ზიანს აყენებს სკოლის საქმიანობას, საფრთხეს უქმნის მოსწავლეთა და სკოლაში დასაქმებულ პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, შიდა აუდიტის დეპარტამენტი შუამდგომლობს მინისტრთან დირექტორის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. ასე მოხდა ამ კონრეტულ შემთხვევაშიც“, – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

მისი თქმით, განათლების სამინისტომ მიმართა ზუგდიდის მე-6 სკოლის სამეურვეო საბჭოს და გადაწყვეტილების მისაღებად 3 დეკემბრამდე მისცა ვადა.

„საბჭომ საკითხი განიხილა 30 ნოემბერს, დაიწყო სიტუაციის გამოსწორებისათვის მუშაობა და ამავდროულად, არ მიიღო დირექტორის გათავისუფლების გადაწყვეტილება. სამინისტრომ გაითვალისწინა საბჭოს პოზიცია, დირექტორის დადებითი დახასიათება, ამავე დროს ვითარების გამოსწორებისთვის მზადყოფნა და არ შეუცვლია საბჭოს გადაწყვეტილება, არ გაუთავისუფლებია დირექტორი. ბუნებრივია ამის შესახებ იცოდა ქალბატონმა იამ და ეს საჯაროდ დაადასტურა „ფეისბუკის“ პოსტის საშუალებით“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტის შედეგად 2018 წლის დეკემბრის დასაწყისში გარდაიცვალა. მანამდე,  მოქალაქის წერილის საფუძველზე განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა სკოლაში შემოწმება დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ია კერზაიას გარდაცვალება პოლიტიკურმა ზეწოლამ გამოიწვია.

განათლების კომიტეტის სხდომაზე მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს ამ წუთებში უსმენენ. კომიტეტზე მინისტრის მისვლა „ევროპულმა საქართველომ“ მოითხოვა. საკომიტეტო მოსმენას ესწრებიან ია კერზიას ოჯახის წევრები, მათ შორის შვილი, ბაჩანა შენგელია.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.