მიხეილ ბატიაშვილი - სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს როგორც გეგმურ, ისე არაგეგმურ შემოწმებებს
მიხეილ ბატიაშვილი - სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს როგორც გეგმურ, ისე არაგეგმურ შემოწმებებს

განათლების სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს როგორც გეგმურ, ისე არაგეგმურ შემოწმებებს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„სიტუაციის შესწავლისა და პრობლემათა გამოსწორების მიზნით, სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს როგორც გეგმურ, ისე არაგეგმურ შემოწმებებს. რაც შეეხება უშუალოდ სკოლებს, მხოლოდ 2018 წელს შემოწმებათა შედეგად დაიწერა 101 დასკვნა, მითითება და გაფრთხილება მიეცა 54 სკოლას, გათავისუფლდა რვა სკოლის დირექტორი, ორი რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ხოლო სამართალდამცავ ორგანოში გადაიგზავნა 22 კანონდარღვევის საქმე.

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სამინისტრო თავისი რესურსებისა და ფიზიკური შესაძლებლობის შესაბამისად, თანმიმდევრულად და მუდმივად ახორციელებს გეგმურ შემოწმებას.

„ამ რესურსებს რადგან არ შეუძლია, რომ ერთდროულად გაწვდეს ათასობით სკოლას, ხშირია შემთხვევები, როდესაც სკოლის პრობლემების შესახებ ინფორმაციას მოქალაქეთა, მშობლებისა თუ პედაგოგებისაგან ვიღებთ. ასეთ შემთხვევაში, სამინისტრო გეგმური გრაფიკის პარალელურად, დაუყოვნებლივ ახდენს რეაგირებას. მრავალი ათეული ასეთი შემთხვევის გაცნობა გვიჩვენებს, რომ სკოლის შემოწმება როგორც წესი იწყება განცხადებით მომართვიდან მეორე სამუშაო დღესვე“, – განაცხადა მინისტრმა.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.