მიხეილ ბატიაშვილი - საგრანტო სისტემასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს  
მიხეილ ბატიაშვილი - საგრანტო სისტემასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს  

ჩვენი მიზანია სკოლის გაძლიერება და არა გამოცდებზე ორიენტაცია, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის შემაჯამებელი პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი პრობლემაა შედეგი, რომელიც დამამთავრებელ კლასებში ფიქსირდება, სწავლის ნაცვლად მოსწავლეები მხოლოდ რეპეტიტორებთან დადიან და სკოლაში არ ხდება ცოდნის მიღება.

როგორც მინისტრმა განმარტა, განათლების სისტემის რეფორმის შედეგად სკოლის როლი იზრდება და უნივერსიტეტებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭება ხდება.

„ეროვნული გამოცდების გაუქმება არ ხდება, არამედ სკოლაში უქმდება ცენტრალიზებული გამოცდები. ჩვენი მიზანი არის სკოლების გაძლიერება, რადგან სასწავლო პროცესს საფრთხე არ ემუქრებოდეს. შედეგი, რაც ბოლო კლასებში გვაქვს, რომ სწავლის ნაცვლად მხოლოდ რეპეტიტორებთან სიარულია და ფაქტობრივად, სკოლებში ცოდნის მიღება არ ხდება, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პრობლემაა. ამიტომ ჩვენი მიზანია სკოლის გაძლიერება და არა გამოცდებზე ორიენტაცია“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრი განმარტავს, რომ ეროვნული გამოცდების რეფორმირება მომავალ წელს იგეგმება და წელს იმ სახით დარჩება, როგორც არის.

„ოპტიმიზაცია მიმართულია იმაზე, რომ უფრო მაღალი შედეგები მივიღოთ. გამოცდების მაქსიმალური დაახლოება მოხდება სასკოლო პროგრამასთან. ასევე, მოსწავლეები უფრო ლოგიკურად გადანაწილდებიან იმის მიხედვით, ჰუმანიტარული მიმართულებით აპირებენ სწავლას თუ ტექნიკური. მათი მთელი რესურსი მიმართული იქნება სწორედ იმ საგნებსა და სასკოლო ცოდნაზე, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ. ეს ცოდნა დაეხმარებათ, უმაღლეს სასწავლებელში სწავლა განაგრძონ. არ იქნება ორიენტაცია ისეთ გამოცდებზე, როგორიც დღეს შედეგს არ გვაძლევს“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, არ არსებობს წარმატებული სისტემა, რომელიც მხოლოდ გამოცდებზეა ორიენტირებული.

„ჩვენი მიზანია, სკოლას საგამოცდო სისტემით ჰქონდეს თავისი ფუნქცია. ასევე, დაზღვეულები ვიყოთ მომავალი კორუფციული რისკებისგან, სხვადასხვა ასეთი საკითხისგან. ამ როლს ეროვნული გამოცდები შეასრულებს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იზრდება უნივერსიტეტის ავტონომია. თუ უნივერსიტეტი გადაწყვეტს, რომ ეროვნულ გამოცდებთან ერთად კიდევ ერთ საგანშია გამოცდის დამატება მნიშვნელოვანი, ამასაც უზრუნველვყოფთ“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ამასთან, განათლების მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე, საგრანტო სისტემასთან და სხვა რეფორმებთან დაკავშირებით სფეროს ექსპერტებთან, სკოლებთან და უნივერსიტეტებთან კონსულტაციები მიმდინარეობს.