მიხეილ ბატიაშვილი - რეფორმის ფარგლებში სკოლამდელ განათლებას უდიდესი ყურადღება მიექცევა
მიხეილ ბატიაშვილი - რეფორმის ფარგლებში სკოლამდელ განათლებას უდიდესი ყურადღება მიექცევა

სკოლამდელ განათლებას რეფორმის ფარგლებში უდიდესი ყურადღება მიექცევა, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განაცხადა, სადაც განათლების რეფორმის ხედვის პრეზენტაცია გაიმართა.

მისი თქმით, ხუთ მიმართულებიანი რეფორმის პირველი ეტაპი სწორედ სკოლამდელი განათლებაა.

„პირველი ეტაპი, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ესაა სკოლამდელი განათლება. როგორც საერთაშორისო გამოცდილება და კვლევები აჩვენებს, სწორედ სკოლამდელ განათლებაში ეყრება საფუძველი ბავშვის მომავალი განათლების წარმატებას. თუ არ გვექნება კარგად განვითარებული და სწორი განათლების სისტემით აღჭურვილი. მომზადებული პედაგოგებით შეტანილი განათლების სისტემა ამ საფეხურზე, როგორც საერთაშორისო გამოცდილება ამბობს, შეუძლებელია, შემდეგ ეტაპებზე საუბარი, რომ სკოლის ან შემდგომ ეტაპებზე არ იყოს ეს ხელისშემშლელი ფაქტორი. ამიტომ უდიდესი ყურადღება მიექცევა რეფორმის პირობებში სკოლამდელ განათლებას“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

მისი თქმით, უკვე გაწერილია წლების მიხედვით გეგმა, თუ როგორ განხორციელდება ცვლილებები.

„ვფიქრობთ, 2020 წელს უნდა მივიღოთ ფაქტიურად 100 პროცენტიანი დაფარვა, რომელიც მოიცავს არამარტო დედაქალაქს, არამედ რეგიონებსაც და რაც ყველაზე მთავარია, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებულ სასწავლო სტანდარტებს და ამ სტანდარტებით გადამზადებული პედაგოგებს“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

მისი თქმით, ეს უზრუნველყოფს, რომ სკოლისა და შემდეგი ეტაპებისთვის ბავშვები კარგად იყვნენ მომზადებული და სწავლა წარმატებით განაგრძონ.