მიხეილ ბატიაშვილი - რეფორმებში, რომელიც ჯანდაცვის სფეროში განხორციელდა, დავით სერგეენკოს უზარმაზარი წვლილი მიუძღვის
მიხეილ ბატიაშვილი - რეფორმებში, რომელიც ჯანდაცვის სფეროში განხორციელდა, დავით სერგეენკოს უზარმაზარი წვლილი მიუძღვის

დავით სერგეენკოს წვლილი საქართველოს ჯანდაცვის სფეროში ძალიან დიდია, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ დავით სერგეენკოს თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღება, ეს ყველაფრის ერთ დღეში დასრულებას არ ნიშნავს.

„დავით სერგეენკოს წვლილი ძალიან დიდია ამ წლების განმავლობაში, მას უზარმაზარი წვლილი მიუძღვის ჯანდაცვის სფეროში. პროგრამებში, რომელიც განხორციელდა და ალბათ, ამ ბენეფიტით სარგებლობს ყველა მოქალაქე, ამ უზარმაზარ რეფორმებში, რომელიც განხორციელდა, დავით სერგეენკოს უზარმაზარი წვლილი მიუძღვის. თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება, თავისთავად, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ერთ დღეს დასრულდეს, პირიქით, ჯერ გადაწყვეტილებას დაველოდოთ“, – განაცხადა მიხეილ  ბატიაშვილმა.

მისი თქმით, დეტალური კომენტარის გაკეთება აღნიშნული საკითხზე ოფიციალური განცხადების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ამასთან, კითხვაზე, ელოდება თუ არა მთავრობაში საკადრო ცვლილებებს, განათლების მინისტრი აცხადებს, რომ მოცემულ ეტაპზე, არანაირ ცვლილებებს არ ელოდება.

„არანაირ საკადრო ცვლილებებს არ ველოდებით“, – განუცხადა მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს.

დავით სერგეენკომ დღეს ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გაკეთდება.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრად საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი ეკატერინე ტიკარაძე ინიშნება.

დატოვე კომენტარი