მიხეილ ბატიაშვილი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ფონდი „ქართუს“ კიდევ ერთი უპრეცედენტო, უნიკალური პროექტი
მიხეილ ბატიაშვილი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ფონდი „ქართუს“ კიდევ ერთი უპრეცედენტო, უნიკალური პროექტი

ფონდი „ქართუს“ ეს უნიკალური პროექტი, რომელიც ქუთაისში იწყებს ფუნქციონირებას, შესაძლებლობას მოგვცემს, ჩვენი ქვეყანა აქტიურად იყოს წარმოდგენილი რეგიონში განათლების უმთავრეს ცენტრად, – ასეთი შეფასება მისცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ფონდი „ქართუს“ მიერ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნებას, რომელიც სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლის სექტემბერში მიიღებს.

„პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ბატონი ბიძინას და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო, მართლაც უპრეცედენტო. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს განათლების უმნიშვნელოვანესი რეფორმა. ფონდი „ქართუს“ მხრიდან ერთი მილიარდი ევროს ინვესტირება განათლების მიმართულებით – ქუთაისის უნივერსიტეტში, არის უდიდესი საქმე. ციფრებზე წარმოდგენა რომ შეგექმნათ, ერთი მილიარდი ევრო განათლების სისტემის დაახლოებით სამი წლის ბიუჯეტია. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინვესტიცია. ასევე, უმნიშვნელოვანესია უნივერსიტეტის ძალიან აქტიური თანამშრომლობა მსოფლიოში წამყვან, მიუნხენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან და ევროპის სამეცნიერო ცენტრებთან. ახლა მიმდინარეობს აქტიური მშენებლობა და 2020 წელს ვემზადებით იმისთვის, რომ მივიღოთ პირველი სტუდენტები. რაც მთავარია, ეს პროექტი გაგრძელდება, კიდევ უფრო განვითარდება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ფონდი „ქართუს“ ეს უნიკალური პროექტი, რომელიც ქუთაისში იწყებს ფუნქციონირებას, შესაძლებლობას მოგვცემს, ჩვენი ქვეყანა აქტიურად იყოს წარმოდგენილი რეგიონში განათლების უმთავრეს ცენტრად“, – განაცხადა ბატიაშვილმა.