მიხეილ ბატიაშვილი - პირველად სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს გახდა განათლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი
მიხეილ ბატიაშვილი - პირველად სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს გახდა განათლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი

ეს არის „ქართული ოცნების“ უდიდესი მიღწევა. პირველად, სწორედ ამ ხელისუფლების დროს გახდა განათლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორი ქვეყნის განვითარებისთვის, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის უკვე ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს უკვე საქმით დადასტურდა.

„ამ პერიოდის განმავლობაში გვქონდა მრავალი უპრეცედენტო მიღწევა სპორტის მიმართულებით. დავიწყეთ ცვლილებები კულტურის სფეროში, რაც აუცილებლად საჭიროებს გაძლიერებას, ხოლო განათლების სისტემაში მოხდა ძირეული გარდატეხა“, – აღნიშნა ბატიაშვილმა.

ყოფილმა მინისტრმა იმ კომპლექსურ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც განათლების სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდა.

„ჩვენ დავიწყეთ ცვლილებები მთელი სისტემის, განათლების ყველა მიმართულებით და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება პროფესიონალების იმ გუნდთან ერთად, რომელიც სამინისტროში მუშაობს, იმ სტრატეგიისა და გეგმის საფუძველზე, რომელიც ამ პერიოდში ჩამოყალიბდა და რეფორმის ფარგლებში განათლების ყველა საფეხურზე ხორციელდება.

ამ ეტაპზე, როდესაც განათლების რეფორმა სისტემურად მიმდინარეობს, იმ ფონზე, როდესაც სისტემა სწორ გზაზე დგას, დარწმუნებული ვარ, პირადად ჩემი წასვლა არ შეაფერხებს იმ განვითარებას, რომელიც არის შეუქცევადი პროცესი. სხვა შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბატიაშვილი თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე მიდის.

ამასთან, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვების მიზეზი პირადია. „ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი პირადია და იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები“, – განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.