მიხეილ ბატიაშვილი - პედაგოგების გადამზადების მიმართულებით განათლების სამინისტრო სიახლეებს გეგმავს
მიხეილ ბატიაშვილი - პედაგოგების გადამზადების მიმართულებით განათლების სამინისტრო სიახლეებს გეგმავს

პედაგოგების გადამზადების მიმართულებით განათლების სამინისტრო სიახლეებს გეგმავს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, შეიქმნება მასწავლებლების გადამზადების ახალი მოდელი, რომელიც დაფუძნებული იქნება თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში საპილოტე რეჟიმში განხორციელებული სწავლების ახალი მეთოდის შედეგების გათვალისწინებით.

„ეს საპილოტე პროექტი, რომელიც თითქმის დასრულებულია, გაზაფხულიდან კიდევ 50 სკოლაში შევა და ეტაპობრივად უკვე ყველა სკოლაში გავრცელება. პედაგოგების გადამზადება სწორედ ახალ მეთოდზე იქნება მორგებული. შესაბამისად ამას სჭირდება გარკვეული განახლებები. ეს უნდა იყოს ორი მიდგომით, ერთი, პროგრამების განახლებით ცვლილებები იმ კუთხით, რომელიც უნდა იყოს აზროვნებითი უნარების განვითარებაზე მიმართული და ამის პარალელურად, იქნება პედაგოგების ახალი კადრების, ახალგაზრდების ამ სისტემაში შემოყვანა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი.

განათლების მინისტრის თქმით, ამავე მიმართულებით სამინისტრო მუშაობს მეტი ფინანსების მოძიებაზე, იმისათვის, რომ ახალი პროგრამით დააინტერესონ ახალგაზრდა პედაგოგები და პარალელურად ხელი შეუწყონ ახალ მოდელზე გადასვლის პროცესში ამ დროისთვის სკოლებში მყოფ პედაგოგებს.

„პედაგოგების კუთხით თუ იგივე მიდგომები არ შევცვალეთ, ძალიან რთულია სისტემის ცვლილებაზე საუბარი. ამიტომ. ეს უნდა მოხდეს პარალელურად, უნდა შეიცვალოს მიდგომები, უნდა მოხდეს თანამედროვე მოთხოვნების შემოტანა ამ სისტემაში. ჩვენი მთავარი საზრუნავი ეს არის ბავშვი, ეს არის მაღალი ხარისხის განათლება, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

კითხვაზე, შეიქმნება თუ არა იმ მასწავლებლების სკოლიდან გაშვების მექანიზმი, რომლებიც ვერ, ან არ აბარებენ საკუთარი საგნის გამოცდას, მიხეილ ბატიაშვილი პასუხობს, რომ პირველ ეტაპზე განათლების სამინისტრო ამას არ გეგმავს, თუმცა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს კონკრეტული შედეგებიდან გამომდინარე მიიღებს.

„პირველი ჩვენი ამოცანა არის, რომ ყველა პედაგოგს, პირველ რიგში, დავეხმაროთ, ყველას მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ამ რეფორმის ფარგლებში პედაგოგების მაქსიმალური ჩართულობა გვქონდეს. ამიტომ, პირველი რიგის ამოცანა ჩვენთვის არის, რომ ყველა პედაგოგს მაქსიმალურად დავეხმაროთ, საშუალება გავუჩინოთ იგივე მატერიალური კუთხით, რომ მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეს. თუმცა ამის პარალელურად, ჩვენ ვიზრუნებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა, ახალო პედაგოგი გაჩნდეს, რომელიც შესაბამისი პირობებით იქნება უზრუნველყოფილი“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.