მიხეილ ბატიაშვილი - მასწავლებლის პროფესია გახდება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დაფასებული
მიხეილ ბატიაშვილი - მასწავლებლის პროფესია გახდება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დაფასებული

მასწავლებლის პროფესია გახდება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დაფასებული, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა.

მიხეილ ბატიაშვილმა სკოლის რეფორმის შესახებ ისაუბრა, რომელიც ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს.

„პირველი არის ინფრასტრუქტურა – ამ მხრივ, უმნიშვნელოვანესი წელი იყო, რადგან ბიუჯეტში ასეულობით მილიონი ლარის მობილიზება და ამ მიმართულებით წარმართვა მოხდა. ასობით სკოლაში ინფრასტრუქტურის განახლება უკვე მიმდინარეობს, ხოლო 2022 წელს ჩვენ დავასრულებთ რომ ყველა სკოლა იყო დასავლური სტანდარტების შესაბამისი.

სახელმძღვანელოები – ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. პირველი-მეშვიდე კლასის ჩათვლით, ჩვენ უკვე გვაქვს გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები, როგორც ხარისხის მხრივ, ისე ფორმით და შინაარსით. მაგრამ სექტემბერში ჩვენ წარმოვადგენთ ახალ გეგმას, რომელიც გულისხმობს ამ მიმართულებით გაბედული ნაბიჯების გადადგმას. ჩვენ განათლებას სჭირდება კიდევ უფრო გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები და სექტემბერში წარმოდგენილი ჩვენი გეგმა მოიცავს რადიკალურ ცვლილებას იმ სისტემის, რომელიც შეეხება წიგნების გრიფირებას და ჩვენს სკოლაში ძალიან მალე ვიხილავთ ახალ სახელმძღვანელოებს. ისეთ სახელმძღვანელოებს, რომელიც ჩვენი განათლების სისტემას შეეფერება.

სკოლის უსაფრთხოება – მოგეხსენებათ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ მიმართულებითაც ერთი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, როგორიც არის მანდატურების გადამზადება, ფსიქოლოგების ჩართვა, სხვადასხვა კონფლიქტური სიტუაციების პრევენცია და ა.შ და მართლაც, წელს გვაქვს პირველი წელი, როდესაც სტატისტიკაში შეინიშნება შემცირება ასეთი ფაქტების და ეს ძალიან ბევრი ადამიანის დამსახურებაა“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, მისივე თქმით, მასწავლებლები არის ყველაზე ძირითადი ნაწილი, რაზეც დგას სკოლა.

„რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელი იქნებოდა თუ ჩვენ არ უზრუნველვყოფთ მაღალი ხარისხის განათლებას შესაბამისი მატერიალური პირობებით. იმისთვის, რომ განათლება გავხადოთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი დაიწყო იმ ნაბიჯების გადადგმა და დღესაც ვაცხადებთ სიამაყით, რომ მასწავლებელთა ხელფასების ზრდის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგმება. 2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და მინუმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება გაეზრდება 150 ლარით. უფროსი მასწავლებლები მიიღებენ სტატუსის გარდა საათობრივ დანამატთან ერთად 1011 ლარს;
წამყვანი მასწავლებლები – 1435 ლარს; მენტორი მასწავლებლები – 1745 ლარს, ხოლო მეტი საგაკვეთილო საათის შემთხვევაში, ანაზღაურება კიდევ უფრო მაღალი იქნება. პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები ექნებათ, საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ ანაზღაურება. ანუ, ფაქტობრივად ხელფასის ზრდა შეეხება ყველა პედაგოგს რომელსაც სტატუსი აქვს მინიჭებული.

პედაგოგების ანაზღაურების ტენდენცია გაგრძელდება ყოველწლიურად და 2022 წლისთვის უფროსი მასწავლებლის ანაზღაურება იქნება 1700 ლარი, წამყვანი მასწავლებლის 2135 ლარი, მენტორი მასწავლებლის 2445 ლარი.

პედაგოგების გარდა, ხელფასების ზრდა ეხებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციისა და რესურსცენტრების თანამშრომლებსაც, ტექნიკურ მუშაკებს. საშუალოდ, 20 პროცენტით მოიმატებს ხელფასი ამ შემოდგომიდან და ეს ზრდა ყოველ შემოდგომაზე გაგრძელდება, რაც შეეხება ყველა პერსონალს“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, რაც შეეხება ფულად ჯილდოს, მან მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს.

„დღეისათვის 6000 პედაგოგია დარეგისტრირებული. ისინი ორი წლის ჯამურ ხელფასს მიიღებენ და მათ სახელმწიფო მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნებს ჯანმრთელობის დაზღვევას. ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ეს მხოლოდ პირველი ეტაპი იყო. ეს 6000 პედაგოგი ორი წლის ანაზღაურებას მიიღებენ ოქტომბრის პირველ კვირაში, ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ. ხოლო შემოდგომაზე დაიწყება მეორე ეტაპი და საპენსიო ასაკის ყველა მსურველს, რა რაოდენობაც უნდა იყოს, უზრუნველვყოფთ ორი წლის ჯილდოს შეთავაზებით, რადგან ეს არის ყველაზე მინიმუმი რაც ამ ადამიანებმა დაიმსახურეს.

ჩვენ სექტემბერში გვექნება უფრო დეტალური საუბარი, რადგან ეს რეფორმა სკოლის გარდა განათლების სხვა სფეროებსაც შეეხება, სადაც კიდევ უფრო დეტალურად წარმოგიდგენთ ყველა მიმართულებაში განსახორციელებელ ნაბიჯებს და რა ვადებში განხორციელდება ის“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.