მიხეილ ბატიაშვილი იმ პენსიონერ პედაგოგებს შეხვდა, რომლებმაც სკოლის დატოვება გადაწყვიტეს
მიხეილ ბატიაშვილი იმ პენსიონერ პედაგოგებს შეხვდა, რომლებმაც სკოლის დატოვება გადაწყვიტეს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი სამინისტროში იმ პენსიონერ პედაგოგებს შეხვდა, რომლებმაც სკოლის დატოვება გადაწყვიტეს.

მიხეილ ბატიაშვილმა მათ მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის ის პრაქტიკოსი პედაგოგეგბი, რომლებმაც ფულდი ჯილდო უკვე მიიღეს.

„სკოლაში მასწავლებელი არის ყველაზე მთავარი, სწორედ ამიტომ, სახელმწიფომ დაიწყო მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც გულისხმობს პედაგოგებისთვის პირობების გაუმჯობესებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, არსებულ პედაგოგებს ყველა ეკონომიკური პირობები შევუქმნათ. ასევე, საპენსიო ასაკის პედაგოგებს, ვინც საკუთარი ნებით გადაწყვიტა, სკოლა დატოვოს, გადაეცემათ ჯილდო. დაიწყო ჯილდოების ჩარიცხვა და დღეს, სწორედ იმ პედაგოგებს შევხვდით, ვისაც ჩაერიცხა თანხები“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

განათლების სამინისტრო საპენსიო ასაკის პედაგოგებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. კერძოდ, საპენსიო ასაკის პედაგოგებს, სურვილის შემთხვევაში, მიეცემათ შესაძლებლობა, მიიღონ ორი წლის ჯამური ხელფასი და შეუნარჩუნდეთ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.

სახელმწიფოსგან ფულადი ჯილდოს აღების სურვილი პირველ ეტაპზე ექვსი ათასზე მეტმა პედაგოგმა გამოხატა; მათ ჯილდოს სახით ორი წლის ჯამური ხელფასი და მთელი სიცოცხლის მანძილზე ჯანმრთელობის დაზღვევა მიიღეს. საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს წლის ბოლომდე ჯილდოს აღების სურვილის გამოხატვის შესაძლებლობა კიდევ ექნებათ.