მიხეილ ბატიაშვილი - გრიფირების საკითხს ჩვენი აუდიტის სამსახური​ სწავლობს, მაგრამ სისტემურ დარღვევებს ახლავე ვხედავთ
მიხეილ ბატიაშვილი - გრიფირების საკითხს ჩვენი აუდიტის სამსახური​ სწავლობს, მაგრამ სისტემურ დარღვევებს ახლავე ვხედავთ

აუდიტის დასკვნამ უნდა გვაჩვენოს, რა პრობლემები იყო სახელმძღვანელოების გრიფირების მიმართულებით, თუმცა პირდაპირ გეუბნებით, რომ სისტემურ დარღვევებს ახლავე ვხედავთ, რადგან არ შეიძლებოდა პროცესი მოგვეყვანა ბოლო დღემდე, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი აქტიურ ფაზაშია და განათლების უწყებამ პირობაც დადო, რომ სექტემბრის ბოლოს პროცესი უნდა დასრულდეს, თუმცა ავტორები და გამომცემლები ყოველდღიურად მიმართავენ.

„გუშინაც შემოდიოდა წერილები ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, ეს ყველაფერი ღიად და გამჭვირვალედ, დეტალურად შევისწავლოთ. გარდა ამ წერილობითი მომართვისა, ასევე ძალიან ბევრია შეხვედრები და მზად ვართ, ყველას შევხვდეთ, მათ შორის გამომცემლებს და მივიღოთ ბევრი ინფორმაცია ამ საკითხზე, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი აუდიტის სამსახური, ჩემი მითითებით, პირველივე დღიდან ჩართულია. ეს პროცესი დასრულდება თვის ბოლომდე. ამ აუდიტის დასკვნამ უნდა გვაჩვენოს, რა პრობლემები იყო, თუმცა პირდაპირ გეუბნებით, რომ სისტემურ დარღვევებს ახლავე ვხედავთ, რადგან არ შეიძლებოდა პროცესი მოგვეყვანა ბოლო დღემდე. სამი წლის განმავლობაში გაუგებარი სისტემისა და კოორდინაციის და ბოლო დღეებში გაკეთებული საქმის, პირდაპირ გეუბნებით, არ მჯერა. არ მჯერა იმ საქმეების, რომელიც ბოლო კვირებში კეთდება და გარწმუნებთ, რომ გვიწევს ბრძოლა ყოველდღიურ რეჟიმში, რომ ის სტამბები, რომლებიც დღეს ბეჭდავენ, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და ეს არანორმალური პირობებია, ასეთ მუშაობაში ყოფნა არ უნდა გვიწევდეს, როდესაც მანამდე სამი წელი გვქონდა. დღეს უზრუნველვყოფთ, ყოველდღიურ რეჟიმში ვაკონტროლებთ, რომ პირველიდან მეექვსე კლასებში შევიდეს წიგნები. ეს რაღაც გმირობის ტოლფასამდეა მისული, რაც არასწორია“, – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე მოადგილეების გათავისუფლება უკავშირდება თუ არა გრიფირებასა და აუდიტს, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ განათლების სისტემაში არსებული პრობლემები მხოლოდ გრიფირების თემით არ შემოიფარგლება.

„ეს ეხება არამარტო მოადგილეებს, არამედ მთლიანად სისტემას. ჩვენ ვთქვით პრობლემები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს არამარტო გრიფირების, არამედ ნებისმიერ საკითხში. მხოლოდ გრიფირებით ხომ არ ამოიწურება ამ სისტემის პრობლემა, ამიტომ გრიფირება იყო ერთი ნაწილი. ჩვენ სხვა მიმართულებებსაც ვსწავლობთ და ეს შეეხება მოადგილეებს თუ სხვა სამსახურებს, თავისთავად მთავარი ამოცანა იქნება, რომ ჩვენ რეფორმებისთვის გვყავდეს შესაბამისი კადრები, შესაბამისი კოორდინაცია უნდა გვქონდეს სამსახურების, რადგან არ მჯერა ასეთი დანაწევრებული, არაკოორდინირებული, არაეფექტური გუნდების და ასეთ პირობებში რეფორმების განხორციელების“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დადგომას აუდიტის დასკვნის შემდეგ, მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ შესაბამისი ნაბიჯები დასკვნის შინაარსიდან გამომდინარე იქნება გადადგმული.

„დაველოდოთ აუდიტის დასკვნას, რიმელსაც თავისთავად გავაცნობთ იგივე გამომცემლობებსა და საზოგადოებას და ა.შ. კონკრეტულად რაც გამოვლინდება ამ დასკვნით, შესაბამისად ის ნაბიჯები იქნება გადადგმული კანონის შესაბამისად. თუმცა, ბევრი ნაბიჯი იდგმება და ცვლილებებიც განვახორციელეთ, ასევე, კიდევ თუ ვნახავთ სისტემაში პრობლემებს, ამასაც არ მოვერიდებით, რადგან, პირველ რიგში, ეს ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ და ვაღიაროთ, რომ პრობლემა გვაქვს, მერე დავიწყოთ ამ პრობლემის მოგვარებისთვის კოორდინაცია და კომუნიკაცია გუნდებს შორის. ის სიტუაცია, რაც ამ კუთხით მე დამხვდა, არ მაკმაყოფილებდა. ნაბიჯებისა და რეფორმების გადადგმა იწყება გუნდური მუშაობით და ადამიანების მოტივაციით. შესაბამისად, ამ რეფორმის დროსაც და აუდიტის დასკვნის შემდეგაც ვიმოქმედებთ შესაბამისი ნაბიჯებით. ნებისმიერი მინისტრი და ნებისმიერი მოადგილე უნდა იყოს პასუხისმგებელი იმ პროცესების შეფერხებაზე ან ხარვეზებზე, რომელიც მას ავალია. რაც შეეხება ჩემსა და მოადგილეებს შორის ზოგადად რაიმე სახის შესაძლო აზრთა სხვადასხვაობას, ეს ჯანსაღი პროცესია. ადამიანებს შორის აზრთა სხვადასხვაობა, ვფიქრობ, ძალიან ჯანსაღი პროცესია, მით უმეტეს, სამუშაო პროცესში არის მისასალმებელი. ასე რომ, პირიქით, აზრთა სხვადასხვაობა საკითხებზე კარგია“, – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

დატოვე კომენტარი