მიხეილ ბატიაშვილი - გერმანიასთან თანამშრომლობით, მალე ვიხილავთ პროექტს, რომელიც პროფესიული განათლების კუთხით განსაკუთრებული იქნება მთელ რეგიონში
მიხეილ ბატიაშვილი - გერმანიასთან თანამშრომლობით, მალე ვიხილავთ პროექტს, რომელიც პროფესიული განათლების კუთხით განსაკუთრებული იქნება მთელ რეგიონში

საქართველო და გერმანია განათლებისა და კულტურის კუთხით სრულიად ახალ საფეხურზე ავიდნენ და დღევანდელი შეხვედრებიც ხელს შეუწყობს, რომ ვისაუბროთ მეტ თანამშრომლობაზე, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით, საქართველოში მალე ახალი, უპრეცედენტო პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვაქვს დღეს. საქართველოში ანგელა მერკელის ვიზიტის შემდეგაც საკმაოდ გააქტიურდა მუშაობა, მათ შორის განათლების კუთხით. ძალიან ბევრი პროექტი უკვე მიმდინარეობს, თუნდაც პროფესიული განათლების მიმართულებით. გერმანულ მხარესთან საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ და ძალიან მალე ვიხილავთ პროექტს, რომელიც არამარტო საქართველოში, არამედ რეგიონში იქნება განსაკუთრებული პროფესიული განათლების კუთხით“, – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, გერმანიასთან თანამშრომლობით გაზაფხულზე იგეგმება განათლების თემაზე მნიშვნელოვანი ფორუმი-კონფერენციის ორგანიზებაც.

„ასევე, კვლევების მიმართულებით გაცვლითი პროექტები ჩვენს უნივერსიტეტებთან უკვე მიმდინარეობს. ვფიქრობთ, საქართველო-გერმანია განათლებისა და კულტურის კუთხით სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა და დღევანდელი შეხვედრებიც ხელს შეუწყობს, ვილაპარაკოთ უფრო დიდ პერსპექტივასა და უფრო მეტ თანამშრომლობაზე“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება. გერმანელ კოლეგებთან შეხვედრები აქვთ დაგეგმილი ქართული დელეგაციის სხვა წევრებსაც.