მიხეილ ბატიაშვილი - განათლების ხუთივე საფეხურზე რეფორმებმა უნდა მოგვცეს ახალი სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე
მიხეილ ბატიაშვილი - განათლების ხუთივე საფეხურზე რეფორმებმა უნდა მოგვცეს ახალი სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე

როგორც განათლების მიმართულებ​ით, ასევე ყველა სფეროში გატარდება მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც დაიწყება უმოკლეს პერიოდში და ორიენტირებული იქნება სწრაფ შედეგებზე, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად წარდგენილმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

„მოგეხსენებათ, განათლება, მეცნიერება, კულტურა და სპორტი, – ეს არის ის სფეროები, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ადამიანური კაპიტალის ჩამოყალიბებას და განვითარებას, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ძირეული ცვლილებები, რეფორმების გატარება განათლების ხუთივე საფეხურზე, რამაც უნდა მოგვცეს ახალი სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე“, – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი ეკონომიკის განვითარება, ახალგაზრდების წარმატება და ისეთ დიდ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო ეკონომიკაში.

„ვფიქრობ, როგორც განათლების მიმართულებ​ით, ასევე ყველა ამ სფეროში გატარდება მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც დაიწყება უმოკლეს პერიოდში და ორიენტირებული იქნება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწრაფ შედეგებზე, პირველად შედეგებზე და გრძელვადიან პერიოდში იმ ეფექტზე, რომელმაც უნდა მოგვცეს ის ადამიანური კაპიტალი, რომელიც ორიენტირებული იქნება სწორედ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ამიტომ ჩვენ გვაქვს გეგმა, ჩვენ ვიცით, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ და ყველა ამ პერიოდში დავიწყებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას“, – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ბატიაშვილი დღეს წარადგინა.