ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები მშვიდ ვითარებაში, მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში ჩატარდა. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ აპლიკანტს. მადლობა ცენტრის თანამშრომლებს და ყველა იმ უწყებასა და ადამიანს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის წარმატებით განხორციელებაში, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, რომელმაც სპეციალურ ბრიფინგზე ეროვნული გამოცდების დასრულება შეაჯამა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დაგვაინებებთან დაკავშირებით, წლევანდელ გამოცდებზე პოზიტიური ტენდენცია გამოიკვეთა, რადგან გასულ წელთან შედარებით, დაგვიანებებმა იკლო, რაც გამოცდების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო კამპანიის შედეგია.

ამასთან, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განაცხადა, 2019 წლის გამოცდების შედეგების გამოქვეყნება, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი რიცხვებიდან ზოგადი უნარების გამოცდის შედეგით დაიწყება.

„სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება. საერთო სამაგისტრო გამოცდასა და პედაგოგთა კომპეტენციის დასადასტურებლად გამოცხადებულ აპლიკანტთა სტატისტიკა მონაცემების დამუშავებისთანავე გამოქვეყნდება. იყო გამოცდიდან მოხსნის რამდენიმე შემთხვევაც. ძირითადად, ეს იყო მობილურით და დამხმარე მასალით სარგებლობის მცდელობები. აბიტურიენტების შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ორ ფაქტს, როდესაც აპლიკანტის ნაცვლად გამოცდაზე სხვა გამოცხადდა. 2019 წლის გამოცდებში მონაწილეები საკუთარი შედეგებისა და ნაშრომების ნახვას შეძლებენ მათი გამოქვეყნებისთანავე ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდებზე“, – განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ წელს საქართველოს 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა. გარდა იმისა, რომ ყველა საგამოცდო ცენტრი აღჭურვილი იყო გაგრილების სისტემით, ადგილზე მუდმივად მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. წლევანდელ გამოცდებზე უპრეცედენტოდ დიდი – 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, საიდანაც გამოცდებზე დაახლოებით 95%, ხოლო საგრანტო კონკურსზე 82% გამოცხადდა.

წელს საგამოცდო პროცესში ცვლილებები შევიდა – ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის, ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაში, აბიტურიენტი მაინც ინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას. უკვე დაწყებულია ნამუშევრების გასწორების პროცესი.

2019 წლის გამოცდების შედეგების გამოქვეყნება, აგვისტოს პირველი რიცხვებიდან ზოგადი უნარების გამოცდის შედეგით დაიწყება. რაც შეეხება ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალ მოდელს, რომელიც 2020 წლიდან შედის ძალაში, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია აგვისტოს პირველ ნახევარში მიეწოდება.