მიხეილ ბატიაშვილი - ჩვენი მიზანია მეტი ინოვაცია, ტექნოლოგიები სკოლებში და ამის პარალელურად, კულტურული ფასეულობების დაცვა
მიხეილ ბატიაშვილი - ჩვენი მიზანია მეტი ინოვაცია, ტექნოლოგიები სკოლებში და ამის პარალელურად, კულტურული ფასეულობების დაცვა

ჩვენი მიზანია მეტი ინოვაცია, ტექნოლოგიები სკოლებში და ამის პარალელურად, ჩვენი კულტურული ფასეულობების დაცვა, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორ მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს დაემატება იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, რაც ნიშნავს ახალი სასწავლო რესურსის დამატებას.

„როგორც სხვა ავტორებს აქვთ უფლება, რომ მათი „დედა ენა“ ისწავლებოდეს სკოლებში, ასევე გოგებაშვილს აქვს უფლება, რომ გოგებაშვილის „დედა ენაც“ იყოს სკოლაში, ანუ ეს უბრალოდ ნიშნავს ახალი სასწავლო რესურსის დამატებას. სკოლა თავად აკეთებს არჩევანს არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს შორის – ან გოგებაშვილის „დედა ენას“ გამოიყენებს, ან სხვა სახელმძღვანელოს. ყველაზე მთავარი, რაც არის, ეს თავისუფალი არჩევანია სკოლებისთვის, იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც თავად წყვეტენ, რომელი სასწავლო რესურსი გამოიყენონ. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ უნდა გამოიყენონ პარალელურად გოგებაშვილის „დედა ენა“, ამაში არ მგონია რამე ცუდი იყოს. დღეს დამისვეს კითხვა, ხომ არ მოხდება „დედა ენით“ „ბუქების“ ჩანაცვლება. „ბუქები“ არა მარტო დაურიგდებათ, არამედ უფრო მაღალი ტექნოლოგიები შევა სკოლებში. გარწმუნებთ, არ ვაპირებთ „ბუქების“ ამოღებას და საბეჭდი მანქანების დაბრუნებას სკოლებში. ჩვენი მიზანია მეტი ინოვაცია და ტექნოლოგიები სკოლებში და ამის პარალელურად, ჩვენი კულტურული ფასეულობების დაცვა“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.