მიხეილ ბატიაშვილი - ჩვენი მიზანი საქართველოს საგანმანათლებლო სივრცის ევროპის ერთიან სივრცესთან ინტეგრაციაა
მიხეილ ბატიაშვილი - ჩვენი მიზანი საქართველოს საგანმანათლებლო სივრცის ევროპის ერთიან სივრცესთან ინტეგრაციაა

ჩვენი მიზანია საქართველოს საგანმანათლებლო სივრცის ევროპის ერთიან სივრცესთან ინტეგრაცია, რომელიც თავისთავად გულისხმობს სწავლის ხარისხის გაზრდას და აქ აღებული დიპლომის ევროპაში აღიარებას, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

„ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯი გადაიდგა და გვაქვს უკვე კონკრეტული შედეგი, რომელიც მივიღეთ რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ევროპის ხარისხის ასოციაციისგან განათლების სამინისტროს ხარისხის განვითარების სააგენტომ მიიღო უფლება, რომ შეუძლია სამედიცინო პროფილის ჩვენი უნივერსიტეტების აკრედიტება საერთაშორისო პროგრამებით.

ეს ნიშნავს, რომ იმ სამედიცინო უნივერსიტეტებში აღებული დიპლომი, რომლებსაც ჩვენი სამსახური მისცემს ახალ აკრედიტაციას, აღიარებული იქნება ევროპაშიც, ანუ ეს ნიშნავს, რომ ამ პროგრამების კურსდამთავრებულები იქნებიან მსოფლიო სამედიცინო სივრცის ნაწილი“,- განაცხადა ბატიაშვილმა.

მინისტრის თქმით, მათი მიზანია, სამედიცინოსთან ერთად მოხდეს სხვა სასწავლო პროგრამების აღიარებაც, რათა მთლიანად შევუერთდეთ ევროპის საგანმანათლებლო სივრცეს.

„ამისთვის ევროპის ხარისხის ასოციაციიდან უკვე იყვნენ ჩამოსული ექსპერტები და აუდიტის წარმომადგენლები, რომლებმაც შეამოწმეს ჩვენი სამსახური სხვა მიმართულებებზეც. მომავალ წელს ველოდებით იმ აღიარებას, რომ ჩვენ მოგვეცეს უფლება ევროპული სტანდარტების შესაბამისი ავტორიზაცია, თუ აკრედიტაცია გავცეთ. ეს გულისხმობს იმას, რომ უნივერსიტეტები იმ ახალ ავტორიზაციას, რომელსაც გაივლიან ევროპული სტანდარტით, უკვე მისი პროგრამა და მისი სტუდენტების დიპლომები იქნება აღიარებული ევროპაში.

ეს ნაბიჯი უკვე გადადგმულია სამედიცინოს მიმართულებით და მე მჯერა, რომ ამ უფლებას საქართველო სხვა მიმართულებებზეც მიიღებს მომავალ წელს. ამის შემდეგ, ჩვენ მაქსიმალურად დავიწყებთ უნივერსიტეტებთან ურთიერთობას და დავეხმარებით, რომ მაქსიმალურად სწრაფად და უმტკივნეულოდ გადავიდნენ ევროპულ სტანდარტზე“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, უნივერსიტეტების ავტორიზაცია-აკრედიტაციის ევროპულ სტანდარტზე გადასვლა გულისხმობს იმასაც, რომ განათლების სამინისტრო აკრედიტებულ პროგრამებზე დისტანციური მეთოდით სწავლებას აღიარებს.