მიხეილ ბატიაშვილი - ჩვენ მოვისმინეთ პოლიტიკური ნარატივი და ეს არ გამოადგება რეფორმას
მიხეილ ბატიაშვილი - ჩვენ მოვისმინეთ პოლიტიკური ნარატივი და ეს არ გამოადგება რეფორმას

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრ, მიხეილ ბატიაშვილს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმინეს.

სამინისტროს ინფორმაციით, შემაჯამებელ სიტყვაში უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ რეფორმის სერიოზულობა იმ ნაბიჯებიდან ჩანს, რაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა და ეს საკანონმდებლო დონეზეც აისახება.

ბატიაშვილის თქმით, რეფორმის განხორციელება შეუძლებელია რესურსების გარეშე.

„შესაბამისად, ჩვენ სწორედ იმ ნაბიჯების გადასადგმელად ვემზადებით, რომლებიც პრობლემებს რეალურად გადაჭრის”, – აღნიშნა ბატიაშვილმა.

მინისტრი მიიჩნევს, რომ მართალია, არაერთი საინტერესო მოსაზრება გამოთქვეს დეპუტატებმა, თუმცა, უფრო მეტის მოლოდინი არსებობდა.

მისი განცხადებით, აუცილებელია, ყურადღება გამახვილდეს ფუნდამენტურ საკითხებზე, მათ შორის პროფესიული განათლებაზე, რომელიც დასაქმების ქვაკუთხედია და სწორედ იმისკენაა ორიენტირებული, რომ ეკონომიკის გამოწვევებს უპასუხოს.

ბატიაშვილის თქმით, ახალი სტრატეგია გულისხმობს რეფორმის განხორციელებას ყველა მიმართულებით და არ მოიცავს მხოლოდ დღეს პარლამენტში დასმულ კითხვებს.

„თავდაპირველად შეკითხვები საინტერესო იყო თუმცა, ბოლოს მოვისმინეთ პოლიტიკური ნარატივი და ეს ჩვენს მომავალს, ჩვენს შვილებს არ გამოადგება. სამწუხაროა, რომ ოპონენტები საუბრობენ არა განათლების პოლიტიკაზე, არამედ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ შეკითხვას ვუპასუხოთ ისეთი ფორმატით და ლოგიკური თანმიმდევრობით, რომელიც საქმეზე და ჩვენი განათლების განვითარებაზეა ორიენტირებული. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს, ყველა დეპუტატს, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას. დღეს პირველად ჩატარდა პროცედურა ასეთი ფორმატით და ძალიან ბევრი საინტერესო მოსაზრება გამოითქვა. ჩვენ მზად ვართ, რეგლამენტის გათვალისწინებით, ვითანამშრომლოთ ყველა ფორმატში როგორც დეპუტატებთან, ასევე, რეფორმით დაინტერესებულ მხარეებთან,“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.