მიხეილ ბატიაშვილი - ჩვენ გთავაზობთ უნარ-ჩვევების კომპონენტის ინტეგრირებას საგნობრივ ტესტებში
მიხეილ ბატიაშვილი - ჩვენ გთავაზობთ უნარ-ჩვევების კომპონენტის ინტეგრირებას საგნობრივ ტესტებში

ზოგადი უნარების ტესტის სანაცვლოდ, რომელიც ყველაზე „დემოკრატიულ“ შერჩევის ინსტრუმენტად მიიჩნეოდა, ჩვენ გთავაზობთ ამ კომპონენტის ინტეგრირებას საგნობრივ ტესტებში, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დეპუტატების წინაშე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

„ზოგადი უნარების ტესტის სანაცვლოდ, რომელიც ყველაზე „დემოკრატიულ“ შერჩევის ინსტრუმენტად მიიჩნეოდა, ჩვენ გთავაზობთ ამ კომპონენტის ინტეგრირებას საგნობრივ ტესტებში. სხვა შემთხვევაში, საგნობრივი ტესტი არ არის სათანადო შეფასების ინსტრუმენტი. ასეთ პირობებში, ზოგადი უნარების ცალკე ტესტად გამოტანა და მისთვის განსაკუთრებული როლის მინიჭება გაუმართლებელია“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

მინისტრის თქმით, გამოირიცხება ამჟამად არსებული ზოგადი უნარების მზადებისთვის ტესტის ტექნიკის დასწავლა და ამაში აბიტურიენტებისა და მათი მშობლების დიდი რესურსის ხარჯვა.

„საერთაშორისო გამოცდილების შესწავლით, თქვენ ნახავთ, რომ ზოგადი უნარებისა და საგნობრივი გამოცდების სავალდებულო ერთობლიობა არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. ზოგადი უნარების ტესტი არ აფასებს არც ერთ ისეთ უნარს, რომელთა შეფასება შეუძლებელია საგნობრივ ტესტებში. ის საგამოცდო მოდელი, რომელიც აქამდე მოქმედებდა საქართველოში, ანალოგს ვერც ერთ ევროპულ ქვეყანაში ვერ პოულობს“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.