მიხეილ ბატიაშვილი - ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტსა და მოჭიდავეებს შორის დაპირისპირებაზე გამოძიება მიმდინარეობს
მიხეილ ბატიაშვილი - ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტსა და მოჭიდავეებს შორის დაპირისპირებაზე გამოძიება მიმდინარეობს

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტსა და მოჭიდავეებს შორის დაპირისპირებაზე გამოძიება მიმდინარეობს, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, განათლების სამინისტრო მზად არის, გამოძიების დასრულების შემდეგ, ნებისმიერი კონკრეტული და შეიძლება მტკივნეული გადაწყვეტილება მიიღოს.

„ამ საკითხზე გვქონდა შიდა სამუშაო შეხვედრა. ძალიან ვწუხვართ, რომ ასეთი ფაქტები ხდება, რაც ნამდვილად არ შეეფერება ქართულ სპორტს და იმ წარმატებებს, რომელიც გასულ წელს გვქონდა. მართლაც უნიკალური წელი იყო ქართული სპორტისთვის და ასეთი ფაქტები თავისთავად ჩრდილს აყენებს არამარტო იმ სფეროს, სადაც ეს ხდება, არამედ მთლიანად ქართულ სპორტს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება დაწყებულია. გამოძიების შემდეგ მზად ვართ, რომ ნებისმიერი კონკრეტული და შეიძლება მტკივნეული გადაწყვეტილებაც მივიღოთ“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

კითხვაზე, იგულისხმება თუ არა მტკივნეულ გადწყვეტილებაში თანამდებობიდან გათავისუფლება ან ადმინისტრაციული ჯარიმა, მინისტრი აცხადებს, რომ იმოქმედებენ იმის მიხედვით, რა პასუხისმგებლობაც დადგება გამოძიებით.

„გამოძიების მიხედვით რა პასუხისმგებლობაც დადგება, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. რაც მთავარია, გამოძიების შემდეგ რა გადაწყვეტილებასაც მივიღებთ, ამ ინფორმაციას პირდაპირ მოგაწვდით“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.