მიხეილ ბაღათურია - ვმუშაობთ, რომ ოთხივე პერიოდის თამაში ერთ დონეზე შევძლოთ [ექსკლუზივი]
მიხეილ ბაღათურია - ვმუშაობთ, რომ ოთხივე პერიოდის თამაში ერთ დონეზე შევძლოთ [ექსკლუზივი]

წყალბურთის კლუბ თბილისის „დინამოს“ წევრმა მიხეილ ბაღათურიამ ექსკლუზიურად საქართველოს პირველ არხთან ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ მატჩზე (თბილისის „დინამო“- ბუდაპეშტის „ფერენცვაროში“ ), ტურნირის განვლილ სამ ტურზე და ქართული წყალბურთისთვის ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სამივე თამაში წავაგეთ, მაგრამ მიუხედავად მარცხისა, უძლიერეს გუნდებთან ყოველი მატჩის შემდეგ ვიზრდებით და პროგრესი ნამდვილად ჩანს. ყველა შეხვედრაში კარგი სტარტი გვქონდა, თუმცა ბოლო ორ პერიოდში ჩავარდნა გვაქვს და ეს ნამდვილად არის პრობლემა, თუმცა გამოუცდელობის ბრალია. ფსიქოლოგიურადაც რთულია. „დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტანტია. უმაღლესი რანგის ტურნირზე ოთხივე პერიოდის ერთ დონეზე თამაშს ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ, თუმცა ამაზე ვმუშაობთ.

ხვალ ერთ-ერთ უძლიერეს კლუბთან გვიწევს დაპირისპირება. „ფერენცვაროში“ მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი და ამავე წელს სუპერთასის მფლობელიც.

ამ დონის კლუბი პირველად ჩამოდის საქართველოში. ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ და გულშემატკივარს ძალიან მაგარ სანახაობას ვპირდებით. ფიზიკურად მზად ვართ. უნდა ვაჩვენოთ თავდადება და კარგი თამაში.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ თბილისის „დინამოს“ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კლუბისთვის. ზოგადად, ქართული წყალბურთისთვის. ეს ტურნირი არის წყალბურთში ყველაზე მაღალი რანგის გათამაშება, რაც კი შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, მსოფლიო წყალბურთის სამყარო თვალყურს გვადევნებს. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერთგვარად მიგვიღო წყალბურთის საკლუბო ელიტამ. ვფიქრობ, ცუდად არ გამოვიყურებით არც თამაშის ხარისხით და არც ორგანიზებით, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შემდგომშიც აუცილებლად ვითამაშოთ ჩემპიონტა ლიგაზე. ეს ყველაფერი კი აუცილებლად განაპირობებს ჩვენს ქვეყანაში წყალბურთის პოპულარიზაციას და ზოგადად, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას“, – განაცხადა თბილისის „დინამოს“ წყალბურთელმა მიხეილ ბაღათურიამ.

თბილისის „დინამოსა“ და „ფერენცვაროშის“ მატჩი თბილისის „ოლიმპიკის“ აუზზე ხვალ, 9 ნოემბერს 18:30 ჩატარდება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 და 10 ლარია. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი