მიხეილ აშვეთია - „სამგურალი“ კიდევ ორ ლეგიონერს შეუთანხმდა #1TVSPORT
მიხეილ აშვეთია - „სამგურალი“ კიდევ ორ ლეგიონერს შეუთანხმდა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ სპორტულმა დირექტორმა, მიხეილ აშვეთიამ კომენტარი გააკეთა თურქული შეკრების დაწყებაზე და განაცხადა, რომ გუნდი კონტრაქტზე ორ ლეგიონერს შეუთანხმდა.

ეროვნული ლიგის გუნდი თურქეთში 17 იანვარს ჩაფრინდა და საღამოს Grand Park Lara-ს საფეხბურთო კომპლექსის მოედანზე ივარჯიშა.

„ანტალიაში სასტუმროში დავბინავდით და საღამოს უკვე დაიწყო ვარჯიშები, რომელიც თვის ბოლომდე გაგრძელდება. პირველ შეკრებაზე 2 ამხანაგურ მატჩს ჩავატარებთ, ძირითად დროს კი ფიზიკური კონდიციების ამაღლებას დავუთმობთ.

ბიჭები მონდომებულები არიან, სავარჯიშო პირობებიც იდეალურია და, რაც მთავარია, ანტალიაში ძალიან კარგი მოედნებია. მწვრთნელისთვის ეს გუნდის მომზადების პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ფეხბურთელების დამატებას, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ამ ეტაპზე, ორ ლეგიონერთან (კონტრაქტზე) უკვე შევთანხმდით და უახლოეს დღეებში შემოგვიერთდებიან.

შერჩევები კიდევ მიმდინარეობს. ამხანაგური თამაშების ჩატარების დროს უკეთ მივხვდებით, კიდევ რა პოზიციებზე გვჭირდება გაძლიერება და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ“, – ამბობს მიხეილ აშვეთია.