მიხაილო ფედოროვი – ვფიქრობ, დადგა გარდამტეხი მომენტი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მომავალ ტრაექტორიას, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენ ნელ-ნელა ვმარცხდებით

22:12, 25.08.2026

ვფიქრობ, ახლა დადგა გარდამტეხი მომენტი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მომავალ ტრაექტორიას, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენ თანდათან, ნელ-ნელა ვმარცხდებით, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, კიევს რამდენიმე თვე დარჩა, რათა მიიღოს საკვანძო გადაწყვეტილებები, რაც მოვლენების მის სასარგებლოდ შეცვლას შეძლებს.

„ჯერ კიდევ გვაქვს რუსეთის დამარცხების ყველა შესაძლებლობა. დამარცხებაში ომში გამარჯვებას ვგულისხმობ. ჯერ კიდევ რჩება რამდენიმეთვიანი შესაძლებლობების ფანჯარა ლოგისტიკური ბლოკადის დასასრულებლად, საშუალო რადიუსის დარტყმების საშუალებით ყირიმის იზოლაციის მოსახდენად და ზოგადად, ტექნოლოგიური განვითარების შემდეგი ეტაპისთვის მოსამზადებლად“, – განაცხადა მიხაილო ფედოროვმა.

როგორც უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, უკრაინას კვლავ აქვს გამარჯვების „ყველანაირი შანსი“, თუმცა სასწრაფოდ სჭირდება ომის დასრულების გეგმა.

„ვიცი, როგორ მუშაობს ეს სისტემა და ვიცი, რომ ჩვენ გაცილებით მეტის გაკეთება შეგვიძლია. იმის გათვალისწინებით, რომ ომის ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პოლიტიკის უმეტესი ნაწილი პრეზიდენტს სწორედ ჩვენმა გუნდმა შესთავაზა, რომ ჩვენ ნულიდან შევქმენით დრონების არმია და ბევრი სხვა რამ, შემიძლია, დარწმუნებით ვთქვა, რომ ახლა მხოლოდ ჩემი სინდისი მიბიძგებს წინ“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

მიხაილო ფედოროვის განცხადებით, უკრაინას არ აქვს მკაფიო, საერთო ხედვა, როგორ უნდა გაიმარჯვოს ომში, ხოლო ქვეყნის შესაძლებლობებს ინოვაციების ნაკლებობა ზღუდავს.

ამასთან, მისივე თქმით, ქვეყანას ასევე აფერხებს ფესვგადგმული კორუფცია და გავლენიანი ჯგუფების პატრონაჟზე დაფუძნებული ქსელები, ისევე, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიკური დამოუკიდებლობის ნაკლებობა.

რაც შეეხება პოლიტიკაში მის დაბრუნებას, როგორც ფედოროვმა განაცხადა, ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„ვფიქრობ, ნებისმიერი პოლიტიკა და ჩემი შესაძლო მონაწილეობა პოლიტიკაში მხოლოდ მას შემდეგ უნდა განვიხილოთ, რაც დემოკრატიული ციკლი აღდგება და ყველა კანდიდატისთვის იქნება თანაბარი თამაშის წესები, იქნება ეს პარლამენტის, ადგილობრივი საბჭოების თუ პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა. მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ფედოროვმა.

მიხაილო ფედოროვის განცხადებების საპასუხოდ უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აღნიშნეს, რომ თავდაცვის სამინისტროში ყოფნისას ფედოროვი ომის მიმდინარეობაზე პოზიტიურად საუბრობდა და ერთადერთი რამ, რაც შეიცვალა მისი პირადი სტატუსია.

მსგავსი