მიხაილო ფედოროვი – უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობაზე მიხაილო დრაპატის დანიშვნა ცვლილებების ხმაა, რომლის იგნორირებაც შეუძლებელი იყო
უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა მიხაილო დრაპატის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყნისთვის ახალი სუნთქვა და ახალი იმედია. ფედოროვმა ამის შესახებ „ტელეგრამზე“ დაწერა.
მისი თქმით, დრაპატის დანიშვნა ცვლილებების ხმაა, რომლის იგნორირებაც შეუძლებელი იყო.
მისივე შეფასებით, ახლა აუცილებელია უკრაინელების მაღალი მოლოდინების გამართლება ომის დასრულების მკაფიო ხედვით, ძლიერი გუნდითა და გადამწყვეტი ნაბიჯებით, რომლებიც სამხედროების სიცოცხლის შენარჩუნებას, რუსეთის წინააღმდეგ დარტყმების განხორციელებასა და რუსეთის ეკონომიკის გამოფიტვას შეუწყობს ხელს.
ფედოროვმა ასევე აღნიშნა, რომ ტელეფონით ესაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს, გენერალ ალექსანდრ სირსკის და მადლობა გადაუხადა კიევის ოლქის დაცვისთვის, ხარკოვის ოპერაციისა და სხვა ისტორიულ ბრძოლებში შეტანილი წვლილისთვის.
„ეს უკვე უკრაინის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა კიდევ უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, ისტორიის ახალი თავები დავწეროთ და წარსულში დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ. მადლობა ყველას, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს“, – წერს ფედოროვი.
ცნობისთვის, მიხაილო ფედოროვმა სოციალურ ქსელში 15 ივლისს დაწერა, რომ თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით, მედიასთან საუბრისას დაადასტურა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ალექსანდრ სირსკისთან კონფლიქტი ჰქონდა.
ამასთან, კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში, რამდენიმე დღეა, მიხაილო ფედოროვის თანამდებობიდან გადაყენებას აპროტესტებენ და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის გადადგომას ითხოვდნენ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა. როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, აღნიშნულ თანამდებობაზე გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი დანიშნა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მიხაილო ფედოროვს ხელისუფლებაში „ღირსეული თანამდებობა“ შესთავაზა.