მიხაილო ფედოროვი უკრაინაში არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა – „უკრაინამ უნდა იპოვოს მექანიზმი, რომელიც სრულფასოვანი დემოკრატიული პროცესის განახლების საშუალებას მისცემს, თუნდაც ომის პირობებში“
შეიძლება თუ არა, რუსეთმა ფაქტობრივად მიიღოს უფლება, განსაზღვროს, როდის შეძლებენ უკრაინელები კვლავ აირჩიონ საკუთარი ხელისუფლება? დარწმუნებული ვარ, რომ არა. დემოკრატია, არ შეიძლება, რუსეთის მძევალი გახდეს, – ამის შესახებ ვიდეომიმართვაში უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა.
ფედოროვის თქმით, უკრაინამ უნდა იპოვოს კანონიერი, უსაფრთხო და რეალისტური მექანიზმი, რომელიც სრულფასოვანი დემოკრატიული პროცესის განახლების საშუალებას მისცემს, თუნდაც გაჭიანურებული ომის პირობებში.
„ეს რთულია. საჭიროა, უზრუნველყოფილი იყოს ხმის მიცემის უფლება სამხედროებისთვის, საზღვარგარეთ მყოფი მილიონობით უკრაინელისთვის და ფრონტისპირა რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის. ასევე, საჭიროა საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების, ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და არჩევნების შედეგების მიმართ ნდობის უზრუნველყოფა, მაგრამ სირთულე შეუძლებლობას არ ნიშნავს. უკრაინას არაერთხელ გაუკეთებია ის, რასაც მსოფლიო შეუძლებლად მიიჩნევდა“, – აცხადებს ყოფილი მინისტრი.
ფედოროვი ასევე ამბობს, რომ განსაკუთრებით სახიფათოა, როდესაც საზოგადოებას უჩნდება განცდა, რომ ადამიანის თანამდებობაზე დანიშვნის მთავარი კრიტერიუმი მისი პროფესიონალიზმი, შედეგები ან ქვეყნის შეცვლის უნარი კი არა, სისტემისადმი პირადი ლოიალობაა.
„თანამედროვე სახელმწიფო ასე ვერ იფუნქციონირებს. მით უმეტეს, ასე ვერ იფუნქციონირებს ქვეყანა, რომელიც საკუთარი არსებობისთვის იბრძვის. ჩვენ კორუფციაზეც უნდა ვისაუბროთ არა იმიტომ, რომ ეს მოდური სიტყვაა, არამედ იმიტომ, რომ ომის დროს კორუფცია სრულიად სხვა მნიშვნელობას იძენს“, – ამბობს ფედოროვი ვიდეომიმართვაში.
ცნობისთვის, მიხაილო ფედოროვი უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ივლისში გაათავისუფლა. ფედოროვის გადაყენებას საპროტესტო აქციები მოჰყვა.