მიხაილო ფედოროვი – უკრაინას კორუფცია უშლის ხელს, რომ ომი ძლიერი პოზიციიდან დაასრულოს, უამრავი ადამიანი ემსახურება საკუთარ ინტერესებს, რის გამოც სწორი გადაწყვეტილებების მიღებას აფერხებენ

02:11, 23.08.2026

უკრაინას კორუფცია უშლის ხელს, რომ ომი ძლიერი პოზიციიდან დაასრულოს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა.

მისივე თქმით, საუბარია არა ცალკეულ პირებზე, მხოლოდ რომელიმე მაღალჩინოსანზე, არამედ ასობით ადამიანზე, რომლებიც წლების განმავლობაში მიეჩვივნენ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ფულის შოვნას.

„უამრავი ადამიანია, რომელთაც სხვადასხვა სქემა შექმნეს და საკუთარ ინტერესებს ემსახურებიან, რის გამოც ისინი სწორი გადაწყვეტილებების მიღებას აფერხებენ. ეს თავდაცვის სამინისტროში ყოფნისას საკუთარ თავზე გამოვცადე. ამას ვებრძოდი, იქ ეს სქემები დავანგრიე და მათ მოქმედებას ვაჩერებდი. ბევრი სამართალდამცველი ამას მხარს უჭერს, ბევრი ადამიანი კი ასეთ სქემებს ქმნის. ეს საკითხი ერთ კონკრეტულ პროექტს ან ხელისუფლების რომელიმე ერთ შტოს არ ეხება.

მოდით, ვიპოვოთ ადამიანები, რომლებიც ომის შესაჩერებლად ეფექტურ გადაწყვეტილებებს იღებენ, მივცეთ მათ მუშაობის შესაძლებლობა და შემდეგ შევაფასოთ ისინი შემდგომი დემოკრატიული პროცესის ფარგლებში. ეს პროცესი როცა არ არსებობს… ჩვენ უკვე აღარ გვიკვირს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ახალი „ჩანაწერების“ გამოჩენა. ისინი ყოველ კვირას რომც გამოქვეყნდეს, უკვე იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთელ საზოგადოებას ესმის – ყველა იპარავს, მაგრამ ეს ნორმალური არ არის“, – განაცხადა მიხაილო ფედოროვმა.

კითხვაზე, რატომ არ ასახელებს კორუმპირებულ პირთა ვინაობას, ფედეროვმა უპასუხა, რომ მოვა დრო და მათ სახელებს ყველა გაიგებს.

„ზოგი მათ სამართალდამცავი ორგანოების ჩანაწერებიდან გაიგებს, ზოგი – ჟურნალისტური გამოძიებებიდან, ზოგი კი სხვა მიზეზით. ჩვენ მუშაობას ამ მიმართულებითაც ვატარებთ. საბოლოოდ კი, ჩვენს ქვეყანაში ყველა ყოველთვის ყველაფერს იგებს, ასე იყო ყოველთვის. ჩვენ ასეთი კულტურა გვაქვს. ამ შემთხვევაშიც ეს აუცილებლად მოხდება. ვფიქრობ, ეს ადამიანები დამარცხდებიან, რადგან ეს იყო ბრძოლა თავდაცვის სამინისტროსთვის, ხოლო რეალურად საუბარია ქვეყნის განვითარებისთვის ომზე. ამ ომში ისინი აუცილებლად დამარცხდებიან. ამის ბევრ დასტურს ვხედავ – როგორც ჩვენი მოქალაქეების აქტიურობას, რომლებიც საპროტესტო აქციებზე გამოდიოდნენ, ისე ანტიკორუფციული ორგანოების მუშაობას“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის ყოფილმა  მინისტრმა.

რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან კომუნიკაციას, ფედეროვმა განაცხადა, რომ უკვე რამდენიმე კვირაა, პრეზიდენტთან კონტაქტი არ ჰქონია.

მსგავსი