მიხაილ პოდოლიაკი - ურთიერთგამომრიცხავი პოზიციების გამო, მოსკოვთან მოლაპარაკებები შესაძლოა, კვირები გაგრძელდეს
მიხაილ პოდოლიაკი - ურთიერთგამომრიცხავი პოზიციების გამო, მოსკოვთან მოლაპარაკებები შესაძლოა, კვირები გაგრძელდეს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლოა, კვირების განმავლობაში გაგრძელდეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ პოდოლიაკმა „ბლუმბერგთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებებში საკვანძო საკითხებს უსაფრთხოების გარანტიები, ცეცხლის შეწყვეტა, რუსეთის ჯარების გაყვანა და სადაო ტერიტორიების პოლიტიკური დარეგულირება წარმოადგენს. პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ მხარეების ურთიერთგამომრიცხავი პოზიციების გამო, მოლაპარაკებები შესაძლოა, კვირების განმავლობაში გაგრძელდეს, თუმცა მისივე თქმით, მოსკოვის პოზიციები ბევრად ადეკვატური გახდა.

„არის გარკვეული საკითხები, რომლებზეც დათმობებზე წასვლას არ ვაპირებთ. ჩვენ არ შეგვიძლია, დავთმოთ რომელიმე ტერიტორია. ის, რაც შეიძლება რამდენიმე დღეში მოხდეს, ცეცხლის შეწყვეტაა, რომელიც მეტი ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

ასევე, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის განაცხადებით, რუსეთის არმიის ტაქტიკა მოიცავს დიდი ქალაქების ალყაში მოქცევას და ფრთოსანი რაკეტებით და საჰაერო დარტყმებით დაბომბვას ჰუმანიტარული ანკლავების შექმნის მიზნით. მისი თქმით, რუსეთი უკრაინაში სირიის ან ავღანეთის ომის სცენარის შექმნას ცდილობს.