მიხაილ პოდოლიაკი - უკრაინის შეიარაღებული ძალები გაზაფხულზე ყირიმში ვერ შევიდნენ, რადგან დასავლელმა მოკავშირეებმა იარაღის მიწოდებისა და რუსეთის დასანქცირების ვალდებულება ვერ შეასრულეს
მიხაილ პოდოლიაკი - უკრაინის შეიარაღებული ძალები გაზაფხულზე ყირიმში ვერ შევიდნენ, რადგან დასავლელმა მოკავშირეებმა იარაღის მიწოდებისა და რუსეთის დასანქცირების ვალდებულება ვერ შეასრულეს

მიმდინარე წლის გაზაფხულზე უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე შესვლას გეგმავდნენ. ეს პროგნოზი ვერ გამართლდა, იმიტომ, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა ვერ შეასრულეს საკუთარი ვალდებულებები იარაღის მიწოდებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მხრივ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყირიმის დეოკუპაციის შესახებ განცხადებები ეფუძნებოდა მათემატიკური ანალიზის შედეგებს, რამდენი და როგორი ტიპის შეიარაღება დასჭირდებოდა უკრაინის ჯარს, როდის მიიღებდა ამ შეიარაღებას, რა სანქციები იმოქმედებდა რუსეთის წინააღმდეგ და რა რაოდენობის თანხას დაკარგავდა რუსეთი.

„ჩვენი პროგნოზი ასეთი იყო, თუ შევთანხმდით ომის წარმოების გარკვეულ ინსტრუმენტებზე, ეს ინსტრუმენტები უნდა გვქონდეს 7-10 დღეში, მაგრამ არა 90 ან 120 დღეში. როგორი შეიარაღება გექნება გარკვეული დროის შემდეგ, ამას რუსებიც ხომ ხვდებიან? რას გააკეთებენ ისინი? რა თქმა უნდა, სტრატეგიული თავდაცვისთვის მოემზადებიან“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის თავდასხმის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, მისი ტაქტიკის დროული ადაპტირება მოხდეს რუსეთის თავდაცვის ტაქტიკასთან. მისივე თქმით, ახლა უკრაინას უფრო მეტად სჭირდება უპილოტო საფრენი აპარატები, რაკეტები და ელექტრონული ომის სისტემები, ვიდრე ჯავშანტექნიკა.