მიხაილ პოდოლიაკი - უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების მხოლოდ „უკრაინულ მოდელს“ დათანხმდება
უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების მხოლოდ „უკრაინულ მოდელს“ დათანხმდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
„ცხადია, ჩვენ ვხვდებით პარტნიორების მცდელობას, დარჩეს ინიციატორ მხარედ მოლაპარაკებების პროცესში. სწორედ აქედან გამომდინარეობს სიტყვები შვედური და ავსტრიული ნეიტრალიტეტის მოდელებზე. უკრაინა ახლა ომის მდგომარეობაშია რუსეთთან, ამიტომ მოდელი შეიძლება, იყოს მხოლოდ უკრაინული და მხოლოდ იურიდიულად დამოწმებული „უსაფრთხოების გარანტიები“. არც ერთი სხვა მოდელები და ვარიანტები არ შეიძლება, იყოს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
მისივე თქმით, უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების აბსოლუტური გარანტიები.
„ქმედითი და არა პროტოკოლური ან ბუდაპეშტის მემორანდუმი მსგავსი. ეს კი ნიშნავს, რომ ხელმომწერი მხარეები გვერდით არ გადგებიან, თუ უკრაინას თავს დაესხმებიან, როგორც დღეს ხდება, არამედ მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას კონფლიქტში უკრაინის მხარეს და დაუყოვნებლივ მოგვაწვდიან საჭირო მოცულობით შეიარაღებას. მეორე – უკრაინა აღარ იქნება დამოკიდებული ბიუროკრატიულ პროცედურებზე, რომელიც აძლევს ან არ აძლევს მას უფლებას, დახუროს ცა ფრთოსანი რაკეტებისგან დასაცავად. ჩვენ გვჭირდება მყარი და ხისტი გარანტიები, რომ ცა აუცილებელად დაიხურება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა.
მისივე თქმით, უკრაინა არასდროს იქნება მილიტარისტული სახელმწიფო, რომელიც მეზობლებს თავს დაესხმება.