მიხაილ პოდოლიაკი - სტამბოლში მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციამ უკრაინას რამდენიმე არარეალური მოთხოვნა წაუყენა, ერთ-ერთი მათგანი უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის დემონტაჟი იყო
მიხაილ პოდოლიაკი - სტამბოლში მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციამ უკრაინას რამდენიმე არარეალური მოთხოვნა წაუყენა, ერთ-ერთი მათგანი უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის დემონტაჟი იყო

სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციამ უკრაინას რამდენიმე არარეალური მოთხოვნა წაუყენა, ერთ-ერთი მათგანი უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის დემონტაჟი იყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა გამოცემა „რეჩპოსპოლიტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

პოდოლიაკის თქმით, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ მოთხოვნები გააჟღერა, რომლის თანახმად, უკრაინამ უარი უნდა თქვას იმ ტერიტორიებზეც კი, რომლებიც რუსეთს ჯერ არ აქვს ოკუპირებული და რუსებს ასევე სურთ, უკრაინამ უარი თქვას ნებისმიერ სამხედრო ალიანსში მონაწილეობაზე.

პოდოლიაკის განცხადებით, რუსებმა მოითხოვეს, რომ უკრაინამ არ მიიღოს იარაღი დასავლეთის ქვეყნებისგან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩეველი მიიჩნევს, რომ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები ფარსი იყო, რადგან რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის შეჩერების განზრახვა არ აქვს.

პოდოლიაკის განცხადებით, რუსები პროვოკაციულად და უხეშად იქცეოდნენ, როგორც ეს 2022 წლის მარტში მოლაპარაკებების დროს მოხდა.

„ისინი ერთ რამეს აცხადებენ და შემდეგ სრულიად განსხვავებულს გვთავაზობენ. ისინი ცდილობენ, საპირისპირო მხარეს მდგომი თანამოსაუბრეები შეურაცხყონ და ისე იქცევიან, თითქოს ომი გუშინ დაიწყო. ეს რუსული დიპლომატიის კლასიკური მაგალითია“, – აღნიშნა მიხაილ პოდოლიაკმა.