მიხაილ პოდოლიაკი - ქართველი ხალხი თუ ირჩევს მთავრობას, რომელიც მზადაა, დათანხმდეს, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი იურიდიულად საქართველოს არ ეკუთვნის, ეს ქართველი ხალხის არჩევანია
მიხაილ პოდოლიაკი - ქართველი ხალხი თუ ირჩევს მთავრობას, რომელიც მზადაა, დათანხმდეს, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი იურიდიულად საქართველოს არ ეკუთვნის, ეს ქართველი ხალხის არჩევანია

სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება, რომელიც მხარს უჭერს პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც ასე თუ ისე დაკავშირებულია ოკუპანტთან და რუსეთის ფედერაცია საქართველოსთვის ნამდვილად ოკუპანტია, იკავებს უცნაურ პოზიციას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს შეეძლო, უფრო გასაგები პოზიცია დაეკავებინა, რადგან რუსეთის ფედერაციის პირდაპირი სამხედრო ინტერვენციისგან მანაც იზარალა.

„ჩვენ ვაფასებთ მოქმედებებს, რომლებიც საჯაროა. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება იკავებს ძალიან სპეციფიკურ პოზიციას. მე ვიტყოდი, ჩვენ გვაქვს უფლება, როგორც უკრაინამ, უკრაინა-რუსეთის კონფლიქტიდან გამომდინარე, შევაფასოთ ეს კომპონენტი. საყოველთაოდ ცნობილია ბატონი ივანიშვილის ორიენტაცია პოლიტიკისა და საქმიანობის კუთხით და ამაზე საჯაროდ საუბარი, რა თქმა უნდა, შეიძლება. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ საქართველო თავად განსაზღვრავს, რომელია მისთვის მისაღები ხელისუფლება, რა ღირებულებებს იზიარებს ეს ხელისუფლება და თვლის თუ არა ქართველი ხალხი საჭიროდ, მოთმინებით მიუდგეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაციას და თვლის თუ არა ამას პარტნიორულ დამოკიდებულებად. ჩემთვის, ნებისმიერი თავისუფალი ადამიანისთვის პასუხი აშკარაა. სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება (კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, მას რჩევას ვერ მივცემ), რომელიც მხარს უჭერს პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც ასე თუ ისე დაკავშირებულია ოკუპანტთან, იკავებს უცნაურ პოზიციას. უკრაინას არ სურს, რომ მის ტერიტორიაზე ოკუპანტი იყოს, ამიტომ ჩვენ გათავისუფლებისთვის ომს ვაწარმოებთ. ვაწარმოებთ ომს, რადგან უკრაინის ტერიტორია იყოს სუვერენული და ხელშეუხებელი ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც რუსეთის ფედერაციაა. ჩვენი გადმოსახედიდან, ვფიქრობთ, რომ საქართველოს შეეძლო უფრო გასაგები პოზიცია დაეკავებინა, რატომ? იმიტომ რომ რუსეთის ფედერაციის პირდაპირი სამხედრო ინტერვენციისგან მანაც იზარალა“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

ამასთან, პოდოლიაკმა განაცხადა, რომ სურს თუ არა საქართველოს, დაიცვას თავი, ეს ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების არჩევანია.

„უყურეთ, ნათელი და გასაგები რომ იყოს, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. არსებობს ქვეყანა, არსებობს მისი სუვერენიტეტი, არსებობს მისი თავისუფლება. თუ ქვეყანა ოკუპირებულია, მან თავი უნდა დაიცვას. ეს იმის მიუხედავად, უკრაინაზეა საუბარი, საქართველოზე, თუ სხვა რომელიმე ქვეყანაზე. უკრაინა ნაწილობრივ ოკუპირებულია, ჩვენ ვიცავთ თავს. შეუძლია თუ არა საქართველოს, დაიცვას თავი? შეუძლია. სურს თუ არა? ეს მისი არჩევანის უფლებაა. ეს არის ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების არჩევანი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ არ შეგვიძლია, მივცეთ რჩევა საქართველოს მთავრობას, დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება. ჩვენ ამოვდივართ მხოლოდ იქიდან, რომ არსებობს რუსეთის ფედერაცია, რომელიც ექსპანსიურია და ყიდის მხოლოდ სხვისი ტერიტორიის მითვისების იდეას. ამიტომ ასეთ ქვეყანასთან მეგობრობა, მისი პოზიციის მხარდაჭერა და მისი მხარდაჭერა, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო მის წინააღმდეგაა (ცალკეული სპეციფიკური რეჟიმების გამოკლებით), უცნაურად გამოიყურება, რბილად რომ ვთქვათ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის მესამედი ოკუპირებულია.

გვინდა, რაიმე ლოგიკა დავინახოთ. თუ ქართველი ხალხი ირჩევს მთავრობას, რომელიც მზადაა, დათანხმდეს, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი იურიდიულად საქართველოს არ ეკუთვნის, ეს ქართველი ხალხის არჩევანია. არ შეგვიძლია, ეს გავკიცხოთ ან წავახალისოთ. ჩვენ უბრალოდ ფაქტის კონსტანტაციას ვახდენთ. საკუთარი თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის უნდა იბრძოლო. შეხედეთ უკრაინას. დიდ ფასს ვიხდით ჩვენი ბიჭების სიცოცხლით, თუმცა უკრაინაში არავინ ფიქრობს, რომ უფლება უნდა მივცეთ რუსეთის ფედერაციას, ითარეშოს ევროპაში“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

გარდა ამისა, პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ქართველი ხალხისგან მხარდაჭერას ნამდვილად გრძნობენ.

„ქართველი ხალხისგან დიახ, ნამდვილად ვგრძნობთ მხარდაჭერას. მე ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. შესანიშნავი ხალხია. ძალიან ამაყი და ძლიერი ხალხია. ჩემთვის უბრალოდ ამოუცნობია, როგორ შეიძლება, ასეთ ხალხს ჰყავდეს ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია. სულ ესაა. თუმცა ოლიგარქები, ძალიან სპეციფიკური სუბიექტები არიან, განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა კავშირში. ისინი ხშირად არ შეესაბამებიან იმ ხასიათსა და ბირთვს, რაც აქვს რეალურად ხალხს. მე ქართველები ძალიან მომწონს. სამწუხაროდ, სასურველი იქნებოდა, გაიხსენონ, რომ ძალიან ამაყი და ძლიერი ადამიანები არიან“, – განაცხადა პოდოლიაკმა.