მიხაილ პოდოლიაკი - პუტინმა ცინიკურად აირჩია პრეზიდენტ ტრამპის პირადი რეპუტაციის შელახვა, მისი „რუსეთთან დიალოგის“ სურვილის გათვალისწინებით
პუტინმა ცინიკურად აირჩია პრეზიდენტ ტრამპის პირადი რეპუტაციის შელახვა, მისი „რუსეთთან დიალოგის“ სურვილის გათვალისწინებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი განაგრძობს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მშვიდობისკენ მოწოდებების უგულებელყოფას.
„აშკარაა, რომ პუტინმა ცინიკურად აირჩია პრეზიდენტ ტრამპის პირადი რეპუტაციის შელახვა, მისი „რუსეთთან დიალოგის“ სურვილის გათვალისწინებით. ბოლო დღეებში უკრაინაზე სასტიკი თავდასხმები აშკარად დემონსტრაციულია – „ნახეთ, რა შემიძლია გავაკეთო“, – წერს მიხაილ პოდოლიაკი.
მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ბოლო განცხადებები, რომელშიც ის საუბრობს, რომ მოსკოვს არ სურს უკრაინის სუვერენიტეტის აღიარება, ომის მოგვარების ჭრილში ამერიკულ ინიციატივას ძირს უთხრის.
„რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ლავროვის განცხადება ძირს უთხრის ამერიკულ დიპლომატიურ ინიციატივას. კრემლი ომს აღვივებს, რითიც ცდის თეთრი სახლის გადაწყვეტილებას, დაიცვას თავისი სიტყვები“, – წერს მიხაილ პოდოლიაკი.
ამასთან, როგორც მიხაილ პოდოლიაკი წერს, დონალდ ტრამპს კვლავ შეუძლია, აიძულოს კრემლი, ნამდვილ მოლაპარაკებებზე წავიდეს ომის დასასრულებლად.
„შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯერ კიდევ აქვს არჩევანის საშუალება. პირველი ვარიანტი – მოქმედებებით გააძლიეროს თავისი სიტყვები პუტინის „სიგიჟის“ შესახებ. ახალი სანქციების დაწესება, რუსეთის წინააღმდეგ სრული სავაჭრო ემბარგოს დაწესება, იარაღის შემდგომი მიწოდების დამტკიცება და უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება; მეორე, ხელების აწევა, პრობლემის ზედმეტი სირთულის აღიარება და ომის დასრულების მოლაპარაკებებიდან გასვლა. კრემლი დარწმუნებულია, რომ სწორედ ეს მოხდება“, – წერს პოდოლიაკი.